საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გიორგის ანგარიშზე 8 "სეივია", მეორეში კი კიდევ 3 დაამატა.
დიახ, "მამარდამ" ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეძლო.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა. გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ანგარიში ფრედ, 1-1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ორმაგი შეტევებით დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ცენტრში საერთოდ არ ჩერდებოდა და გიჟურ ტემპში მიმდინარეობდა თამაში. ჩეხებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მამარდაშვილის კარგმა თამაშმა არაერთხელ გადაარჩინა ჩვენი კარი გოლისგან.
პირველი ტაიმის პირველივე წუთებში სამი ძლიერი დარტყმა მოიგერია მამარდაშვილმა და გადაგვარჩინა. "მამარდა" შემდეგაც დამჯერებლად თამაშობდა, თუმცა მის კარში ბურთი ხელით გაიტანეს, რაც გაუქმდა.
ბოლო წუთზე ხვიჩას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ კაშიას ჰქონდა ბურთი გატანის შანსი, თუმცა ვერ შეძლო, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ვარს შეემოწმებინა საჯარიმოში ჩეხების თამაში, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნა, რომელიც შეუდარებლად შეასრულა გიორგი მიქაუტაძემ.
გოლის გატანის შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეორე ტაიმში, მატჩის ბოლო წამებში ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.
იხილეთ ასევე: