22 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს, რომელშიც ჩეხეთს დაუპირისპირდება. "ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს", - განაცხადა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ მზად ვართ... ვიცით, ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ვეცდებით, რომ ის შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, რასაც ყოველთვის ვთავაზობთ გულშემატკივარს. ვეცდებით, ვიბრძოლოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ. ვფიქრობ, რომ სპორტი ომს აჩერებს. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შესაძლებლობა ვითამაშოთ ამ დონეზე, საქართველოს ეს არასდროს გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, ვიფიქროთ თამაშზე და იმაზე, რა გველის ხვალ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს.
რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით, ფიქრით ამ თამაშზე და იმავეს გავაგრძელებთ. ხვალ ბრძოლის ველი არ იქნება, არამედ, უნდა ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით და როდესაც ადამიანი სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოდის და ჩემი ერთ-ერთი მიზანი ის იქნება, რომ ვისიამოვნო მოედანზე და დავეხმარო თანაგუნდელებს. ჩვენ მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენთვის, მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ.
შორიდან დამრტყმელები ჩვენც გვყავს, ჩვენც ვემზადებით. მე, მაგალითად, ყოველდღე ვცდილობ ვარჯიშებზე ამ კომპონენტში მუშაობას და თუ იქნება შესაძლებლობა, ვეცდები, რომ გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ყურება არცერთი ფეხბურთელის, ვინც ჩემს წინააღმდეგ თამაშობს, ვეცდები, სტადიონზე საწყის წუთებში გავიგო რას წარმოადგენს და ორთაბრძოლაში მოგებული მე დავრჩე", - განაცხადა "ქოჩორამ"
იხილეთ ასევე: