ავტორი:

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი კოპლატაძე დიპლომატიურ პასპორტზე უარს ამბობს - "არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ? ევროპაში!"

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი კოპლატაძე დიპლომატიურ პასპორტზე უარს ამბობს - "არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ? ევროპაში!"

სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე გადადგა - ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! სად მივდივართ? ევროპაში!" - წერს კოპლატაძე "ფეისბუქში" და იქვე აღნიშნავს, რომ 8-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ ფორმალურად უკვე დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

"ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი.

ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მივიღეთ ნატოს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის ნატოს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს "„საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი...

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის თითოეულ ჩემს კოლეგას, შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე. დღეს მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩემი პედაგოგების, შემდგომში კოლეგების და უფროსი მეგობრების: გელა ჩარკვიანის, ალექსანდრე რონდელის და ლევან ალექსიძის ნათელ ხსოვნას; ასევე, მინდა მადლიერებით გავიხსენო ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც დღეს ცნობილი პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები არიან.

განუსაზღვრელი და დაუფასებელია დიპლომატიურ სამყაროში და განსაკუთრებით, საქართველოში, ოჯახის თავგანწირვა და თვითშეწირვა მისიებში მსახურებისას; ამიტომ, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩემს ოჯახს, მეუღლეს, რომელმაც ჩემთან ერთად 18 წელი მიუძღვნა მისიებში მუშაობას და შვილებს, რომლებმაც სწავლის, განათლების და საქმიანობის უმეტესი წლები უცხოეთში გაატარეს, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავიანთი პროფესიების შესაბამისად საქმიანობენ, არიან ტრადიციული ქართველები და ლაღი, თავისუფალი, თანამედროვე ევროპელები.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან).

მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში!

P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში - ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა.

P.S.S. დღევანდელ პოსტს ვურთავ საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოშვებულ საფოსტო მარკას, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია. ახლა კი, დიპ. პასპორტის ნაცვლად, ამ საფოსტო მარკებით ვუგზავნი ჩემს საუკეთესო „ვაიბებს“ პოსტის ადრესატებს...- წერს ის.