ავტორი:

"ქართული ოცნება“ გარუსებულია, მარტივად არ წავა... ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი" - ალეკო ელისაშვილი

"ქართული ოცნება“ გარუსებულია, მარტივად არ წავა... ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი" - ალეკო ელისაშვილი

"ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მარტივად არ წავა, წინ დიდი ბრძოლები და საშინელი ზაფხული გველის", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ისაუბრა.

ელისაშვილის შეფასებით, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებისგან შეურაცხყოფა დიდხანს ითმინეს და ახლა მის დასჯაზე გადავიდნენ.

"ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან ვერაფერს ვეღარ დაალაგებს, მას ხელისუფლებაში ყოფნის დრო 26 ოქტომბრამდე დარჩა. სულ მცირე, ორი წელია, ამერიკელები და ევროპელები ითმენდნენ, ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ ის შეურაცხყოფა, რაც მოდიოდა თბილისიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების მისამართით. მტრულ სახელმწიფოზეც კი არ ილაპარაკებ ისე შეურაცხმყოფლად და ღლიცინით, როგორც ლაპარაკობდა "ქართული ოცნება“ ამერიკის ან ევროკავშირის ელჩზე, ან ევროპარლამენტარებზე, ან ამერიკელ სენატორებზე და ა.შ. ასე პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს არ ელაპარაკებიან. არავინ გეუბნება, რომ წელში მოკაკული უნდა იდგე ან ამერიკელთან ან ევროპელთან, ეს რუსებთან ხდება მხოლოდ, რუსები გვმართავდნენ მარტო ასე, კრემლიდან რომ ბრძანებები მოდიოდა მარტო. აქ პარტნიორობაა. ევროკავშირი რატომ მომწონს მე და რატომ მინდა - პატარა ქვეყანასაც და დიდ ქვეყანასაც თანაბარი უფლებები აქვთ.

ამერიკელებმა დიდი ხანი ითმინეს და ახლა ამათ დასჯაზე გადავიდნენ. არა ქვეყნის, არამედ "ქართული ოცნების“ დასჯაზე. ახლა ნახავენ ესენი, რატომ არის ამერიკა ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ამერიკულ სანქციებს ევროპული სანქციებიც წამოეწევა. ამერიკის ვიზაზე ოცნებობს მთელი საქართველო, გვეუბნებიან, გაძლევთო, აქეთ თავისუფალ ვაჭრობას გიხსნითო, იქეთ თავდაცვის პაქტი, ნერწყვები მომდის იმის გახსენებაზე. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დღემდე ამერიკელებმა მოიყვანეს თავის დახმარებით. გავიხსენოთ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისა და დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის ყველაზე მაგარი პროექტი, ოთხი ბატალიონი რომ გაგვიწვრთნეს. იმის შემდეგ ავითარებენ და ავითარებენ. კი, ჩვენც მაგრად დავუდექით მხარში ავღანეთში, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ.

"ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ხალხი გარუსებულია, გასაშვებია ხელისუფლებიდან და უნდა გავუშვათ აუცილებლად. მარტივად არ წავლენ, წინ დიდი ბრძოლები და საშინელი ზაფხული გველის. ეს არჩევნები უნდა იყოს მართლა სახალხო მძვინვარება, საარჩევნო ამბოხი. აქტივისტებს ისევ ურტყამენ, დასჯილი არავინ არის, სახეზე ჩანს პოლიციელიც, ზონდერიც და ვითომც არაფერი... 2 თვის წინ კანცელარიასთან ოცი პოლიციელი მირტყამდა, რამდენი სახეზეც ჩანს, წელათრევით გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ დაზარალებულად არ მცნეს“ , - განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმას, ელისაშვილის განმარტებით, ამ თემაზე ოპოზიციური პარტიის წევრებთან დისკუსიები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მკაფიო წითელი ხაზი არაა და მეტიც, არც საერთო სიაზე იტყვის უარს, თუ ეს ოპოზიციას "ქართული ოცნების“ დამარცხებაში დაეხმარება.

"სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მიდის მსჯელობა და გადაჯგუფებები. ჩემთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დიდი ხანია აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი, მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია "ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს "ქართულ ოცნებას“, მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ - ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-ანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად "ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ ეთერში.