ავტორი:

აქტივისტებმა სტოუნჰენჯის ისტორიულ ძეგლს ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს (ფოტო/ვიდეო)

აქტივისტებმა სტოუნჰენჯის ისტორიულ ძეგლს ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს (ფოტო/ვიდეო)

Just Stop Oil-ის ორმა აქტივისტმა სტოუნჰენჯის პრეისტორიულ ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს.

  • ვიდეო კადრები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა. შემთხვევა დღეს, 19 ივნისს მოხდა. აქტივისტები 72 წლის რაჯან ნაიდუ და 21 წლის ნიამ ლინჩი არიან. Just Stop Oil-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან მოითხოვენ დასრულდეს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვება.

"დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან გამოითხოვს განახორციელოს ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნა ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით. ნახშირის, ნავთობისა და გაზის წვის გაგრძელება მილიონობით ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ კაცობრიობის დასაცავად", - ნათქვამია Just Stop Oil-ის სპიკერის განცხადებაში. მისივე თქმით, ნარინჯისფერი საღებავი, რომლითაც ისტორიული ძეგლი დააზიანეს, წვიმით ჩამოირეცხება.

სტოუნჰენჯი ქვის მეგალითური ნაგებობაა, რომელიც ლონდონიდან 130 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს.

  • 2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.