ავტორი:

"საქართველოს ტერიტორიაზე გარდა რაჭისა, სეისმურად აქტიური ჯავახეთია" - რას ამბობს სეისმოლოგი ბოლო დროს რაჭაში მომხდარ მიწისძვრებზე?

"საქართველოს ტერიტორიაზე გარდა რაჭისა, სეისმურად აქტიური ჯავახეთია" - რას ამბობს სეისმოლოგი ბოლო დროს რაჭაში მომხდარ მიწისძვრებზე?

ბოლო ხანს, რაჭაში სეისმური აქტივობა აშკარად გაზრდილია - ბიძგების სიმძლავრე 3,8-დან 5,4 მაგნიტუდამდე მერყეობს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა (7.0 მაგნიტუდის) რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს დაფიქსირდა, ეპიცენტრი ონი და ამბროლაური იყო. რაჭის მიწისძვრა 1900-იანი წლების შემდეგ საქართველოში აღრიცხულ მიწისძვრათა შორის ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიონის ისტორიაშიც ყველაზე ძლიერი და ინტენსიური მიწისძვრა იყო, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უნდა ველოდოთ თუ არა მსგავსი მაგნიტუდის მიწისძვრას საქართველოში და ზოგადად, რა გეოლოგიური პროცესები მიდის კავკასიონზე, ამ საკითხებზე AMBEBI,GE-ს სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ესაუბრება:

"სეისმური პროცესია ასეთი - გააქტიურდება უბანი, შემდეგ ჩაცხრება და ა.შ. რაჭაში დიდად არაფერი შეცვლილა, საერთოდ, ცენტრალური კავკასიონი აქტიური უბანია. გვახსოვს, რაჭის 1991 წლის მიწისძვრა, რომელიც ყველაზე დიდი მიწისძვრაა, რაც კი ჩვენთან დაფიქსირებულა. მას შემდეგ ეს უბანი გააქტიურებულია და რომ გადავხედოთ, ეს მიწისძვრები ჩვეულებრივი მოვლენაა, ნელ-ნელა წყნარდება ყველაფერი, მაგრამ ხანდახან ისევ გამოერევა ხოლმე და ასეთი მიწისძვრები ბოლო 30 წლის განმავლობაში იშვიათი არ არის. კავკასია რომ ავიღოთ და მათ შორის საქართველო, ის საშუალო სეისმურობის რეგიონია. ჩვენთან არ ხდება ისეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორც ვთქვათ იაპონიაში, ჩილეში, ალასკაზე, ინდონეზიასა თუ ჰიმალაებში. ჩვენს მეზობელ თურქეთსა და ირანშიც უფრო ძლიერი მიწისძვრები ხდება ხოლმე. საშუალო სეისმურობა ნიშნავს იმას, როცა ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი დიდია. მაგნიტუდა 8-იანი და 9-იანი ჩვენთან არ ხდება, ჩვენთან ყველაზე ძლიერი, რაც მომხდარა, სპიტაკის და რაჭის მიწისძვრები იყო.

სტატისტიკა რომ ავიღოთ, ძლიერი მიწისძვრები გაცილებით ხშირად ხდება თურქეთში, ჩვენს მეზობლად, მაგრამ რაც შეეხება დამანგრეველს, რეალურად თუ შევხედავთ, საშუალო მაგნიტუდის - 6-იანიც კი (ძლიერი მიწისძვრები აქედან იწყება) შეიძლება კატასტროფული იყოს, ამიტომაც ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ერთის მხრივ ხომ კარგია, იშვიათად რომ ხდება ძლიერი მიწისძვრები, მეორეს მხრივ, ყოველთვის გვავიწყდება ხოლმე. როგორც ჩანს, ისტორიულადაც ასე იყო - როცა ძალიან დიდი დრო გადის, მერე აღარ აქცევს ამას ყურადღებას. სპიტაკი რომ ავიღოთ, უკვე დაივიწყეს დამანგრეველი მიწისძვრა იმ მხრივ, რომ ყურადღებას არ აქცევენ მშენებლობის ხარისხს. არა და, დღეს მიწისძვრისგან დაცვა არის სეისმომედეგი მშენებლობა. რომ გადავხედოთ, ერთი და იმავე მიწისძვრებზე სად არის დიდი მსხვერპლი და სად - მცირე, ნახავთ, რომ არა მარტო ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში (მაგ. იაპონიაზე და ამერიკაზე არ მაქვს საუბარი), ჩილე რომ ავიღოთ, იქ უძლიერესი მიწისძვრები ხდება და მსხვერპლი არის ერთეულები, ათეულები, მაგრამ არა - ასეულობით, როგორი მსხვერპლიც მოჰყვა თურქეთის მიწისძვრას. ჩვენ ვიცით, სეისმურად ყველაზე აქტიური ზონები, შეგვიძლია გამოვთვალოთ, ვივარაუდოთ, რა სიძლიერის მიწისძვრას რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ამას ემყარება სეისმომედეგი მშენებლობა, რომლის ნორმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ისეთი მიწისძვრები, რომელიც რაჭაში ხდება (ბოლო ერთი კვირის წინ მაგნიტუდა 5-იანი იყო), რამდენიმე წელიწადში ხდება ხოლმე. ამ ორი დღის წინ როგორიც იყო ან ოდნავ მასზე ნაკლები, საკმაოდ ხშირად, თითქმის ყოველ თვეს ხდება.

თუ ავიღებთ იმ მაჩვენებელს, როგორსაც აპარატურა იწერს და ადამიანები ვერ გრძნობენ, ასეთი მიწისძვრები იქ თითქმის ყოველ დღესაა. საქართველოს ტერიტორიაზე გარდა რაჭისა, სეისმურად აქტიური ჯავახეთია. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ სოფელ სამებასთან დაფიქსირებული მიწისძვრა. იქაც ხდება დღეში რამდენიმე მიწისძვრა. საერთოდ, კავკასიონის ქედის განსაკუთრებით ცენტრალური ნაწილი (რაჭის ზონა, ჯავახეთი, აღმოსავლეთით - კახეთის ზონა და მის უკან დაღესტანსა და ჩეჩნეთში უფრო ხშირად ხდება, მაგრამ ის უფრო ღრმა მიწისძვრებია და ისე არ იგრძნობა) რომ ავიღოთ, არის ადგილები, სადაც იშვიათად ხდება მიწისძვრები, მაგრამ საქართველო პატარა ტერიტორიაა და კავკასიონზე ან თრიალეთის ქედზე ძლიერი მიწისძვრა თუ მოხდება, მას ყველგან ექნება ეფექტი.

გეოლოგიურ პროცესებს რაც შეეხება, ძირითადად ეს პროცესი გლობალურად კარგად არის ცნობილი - არაბეთის ფილა მოძრაობს ჩრდილოეთით და ეჯახება ევრაზიის ფილას, დიდი ხანია, მილიონობით წელია გეოლოგიურად ეს პროცესი მიმდინარეობს. სადაც საქართველოს ტერიტორიაა და მის მეზობლად, ოკეანე იყო, რომელიც კონტინენტების შეჯახების გამო დაიხურა და მის ადგილას ნაშთია შავი ზღვა და კასპიის ზღვა. თავიდან ეს შეჯახება რომ დაიწყო, ამან გამოიწვია აჭარა-თრიალეთის ზონის გაჩენა, იქ ვულკანური კუნძულები გაჩნდა და შემდეგ კავკასიონმა უკან გადაინაცვლა (ის უფრო ახალი ქედია გეოლოგიურად), მათ შორის, კონტინენტები შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ჩვენთან ძირითადი დაწოლა კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მოდის. სწორედ შეჯახების ზონაში მდებარეობს ამ შემთხვევაში რაჭა. წარმოიდგინეთ, მანდ გეოლოგიურად მთათაშორის არეა - დიდ კავკასიონსა და აჭარა-თრიალეთის მცირე კავკასიონს შორის. ამ ზონაში ყველაზე დიდი დაწოლა მოდის (ეს არის დაახლოებით თბილისიდან სურამის ქედამდე) და ამ ზონის კიდეში ხვდება რაჭა, რომელიც ბოლო წლებში გააქტიურებულია (გააქტიურებულია მთლიანად ცენტრალური კავკასიონი).

ინსტრუმენტული დაკვირვებები რაც გვაქვს, მარტო საქართველოს ტერიტორიაზე რომ ავიღოთ, დაახლოებით 20 წელიწადში ხდება მაგნიტუტა 6-იანი, ან უფრო ძლიერი მიწისძვრა. საბედნიეროდ, რაც ისტორიულად მომხდარა, მიწისძვების ნაწილი მაინც დაუსახლებელ, ან მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე ხდება. მაგრამ თუ გავიხსენებთ 1920 წლის გორის მიწისძვრას, იქ 150-მდე ადამიანი დაიღუპა, მანამდე იყო ახალქალაქის მიწისძვრა 1899 წელს, სადაც 250 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლი მოჰყვა 1991 წელს რაჭის მიწისძვრას და მომდევნო ბიძგებს, სადაც 200-მდე ადამიანია დაღუპული. ამ შემთხვევაში რაჭის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა, თორემ მსხვერპლი მეტი იქნებოდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, დაცლილია და ამ შემთხვევაში ამან ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა. გამეორების საფრთხე რადგან არის, ამიტომ ვამბობ, რომ ყურადღება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პანიკის დათესვა არ შეიძლება, უარესი შედეგები მოაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, სხვანაირად ვერ ვისაუბრებთ. მიწისძვრებისთვის უნდა ვემზადოთ წყნარ პერიოდებში იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მეცნიერებამ ვერ მიაღწია იმას, რომ თუნდაც დღეების მიხედვით ვაკეთოთ პროგნოზი, თუ რა ადგილას და რა დროსაა მიწისძვრა მოსალოდნელი. მეორეს მხრივ, ისევ მშენებლობაა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, სახლს რომ ვაშენებთ, სადაც უნდა ვიცხოვროთ, სადაც შემდეგ შვილებმა უნდა იცხოვრონ, მან უნდა გაუძლოს როგორც 1 წლის შემდეგ, ასევე 20 და 40 წლის მერე მომხდარ მიწისძვრას, ამიტომ სეისმურად მედეგი მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

ნანა ფიცხელაური