18 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ, ისტორიულ მატჩს გამართავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეს დაემთხვა.
დავით ყიფიანს, 73 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს, ქართული სპორტის ქომაგების დიდი ნაწილია გერმანიაშია, რომ ადგილზე უგულშემატკივროს ნაკრებს და სტადიონიდან გაამხნეოს. მათ შორის არის დავით ყიფიანის ვაჟი გიორგი ყიფიანი. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი სოციალურ ქსელში წერს:
"დორტმუნდში ძალიან ბევრი ქართველია და ყველა მათგანი კონკრეტული მისიით არის ჩამოსული. - ყველამ იცის რომ დღეს ბრძოლის დღეა და ამ ბრძოლაში ყველას ჩვენი როლი გვაქვს. 90 წუთით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიქნებით ერთნი ისე, როგორც ვიყავით 26 მარტს, ისე როგორც წესით ყოველთვის უნდა ვიყოთ როდესაც ქვეყანას ეს სჭირდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი შეიტანა. ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციას, გულშემატკივარს. ყველას ვინც ამ წერტილამდე მოგვიყვანა.
დღეს დათოს დაბადების დღეა და ვიცი, რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერასდროს ვერ ინატრებდა".
ლეგენდარული 10 ნომერი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში დაიწყო. 17 წლის ასაკში ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული "იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. 1970 წელს თამაში თბილისის "ლოკომოტივში“ გააგრძელა, ერთ წელიწადში კი თბილისის დინამოში გადავიდა.
ყიფიანმა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 245 მატჩი ჩაატარა, სადაც 79 გოლი გაიტანა. ევროტურნირებზე კი 35 მატჩი, 16 გოლი. ყიფიანს ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. ის იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976 წელს) და ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981 წელს).
1998 წელს დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად - დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[50]
2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს. სპორტული ჟურნალები წერდნენ, რომ საქართველოში ყიფიანი ისე იყო, როგორც პელე - ბრაზილიაში
"უყისმათო კი იყო, ყველაფერი მაგას ემართებოდა. მაგალითად, ვიღაცას "კისტის" თოფი გაუვარდა და მაინცდამაინც დათოს მოხვდა თვალში, გუგაში. დედამისი თვალის ექიმი იყო, სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა და ძლივს გადაურჩინეს თვალი, თორემ ფეხბურთი უკან დარჩებოდა... ფეხბურთი უზომოდ გვიყვარდა, ფეხბურთელები ლამის ღმერთებად მიგვაჩნდნენ და მათზე დაწერილი ლექსებიც ზეპირად ვიცოდით. დილიდან საღამომდე ჩვენც ფეხბურთს ვთამაშობდით და მე, რა თქმა უნდა, დათოს გუნდში ვიყავი, რადგან მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. სულ ვჩიოდი, პასს არ მაძლევს-მეთქი, მაგრამ ანკი რატომ უნდა მოეცა პასი? უჩემოდაც ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებდა. ვიღაცებს ენაძლევებოდა, ხუთ ფორას მოგცემთ, ექვსამდე ვითამაშოთო, მარცხენა ფეხით შევაგდებ ბურთსო. რა თქმა უნდა, სანაძლეოს ყოველთვის იგებდა…“ - იხსენებს კინორეჟისორი ლევან ერისთავი "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
"ძალიან უბედო კაცი იყო დათო. ბევრი დარტყმა მიიღო ცხოვრებაში - მამამისის სიკვდილიც კი თვითმფრინავში ყოფნისას გაიგო, გაზეთში წაიკითხა. იმდენი ცუდი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, ხასიათიც დაუმძიმა, თორემ ბავშვობაში რატომ იქნებოდა მძიმე? საამისო საბაბი არ ჰქონდა. ცოლიც ძალიან ადრე მოიყვანა, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა. ქეთინო - მისი თანაკლასელი 53 სკოლიდან, ჩვენ მოვატაცებინეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით და გვეგონა, მუდამ ასე იქნებოდა...“
დავით ყიფიანის პირველი მეუღლე ქეთევან მიქელაძე გახლდათ, ფეხბურთელი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ლევანი და ნიკუშა შეეძინა. მეორე ქორწინებაში სპორტსმენს გიორგი შეეძინა.
"ძალიან ნანობდა, ორივე ოჯახის დანგრევას და წუხდა, ჩემი შვილები უმამოდ გაიზრდებიანო. საერთოდ, ქალს უდიდეს პატივს სცემდა. ერთხელ პოპულარობამ კინაღამ დაღუპა. ცოლს უთხრა, კიევში მივდივარო და მეგობრებთან ერთად გაგრაში წავიდა. რესტორანში შესულან, ლამაზი ქალი დაუნახავს და მისი სადღეგრძელოს შესმა მონდომებია. სადღაც ანძაზე ასულა, მაგრამ ვეღარ ჩამოდიოდა. 1981 წელი იყო, თასი ახალი აღებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა, დათო ყიფიანი ანძაზე გაიჭედაო. სახანძრო მოსულა და ისე ჩამოუყვანიათ. ვიღაცამ სურათებიც კი გადაუღო. მერე დათოს ცოლს გამოუგზავნეს საჩუქრად", - იხსენებდა წლების წინ ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში სპორტსმენის ძმა, გოგა ყიფიანი.
მეოთხე შვილი კატო ყიფიანი მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. ნანა გორგაძე მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს.
დავით ყიფიანი 2001 წლის შემოდგომაზე დასასვენებლად ქობულეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დღე გაატარა. შვებულების დასასრულს თბილისში დაბრუნდა, რამდენიმე დღეში, ნიკოლაი ტოლსტიხის მიწვევით, მოსკოვში უნდა ჩასულიყო და იქაური "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაებარებინა.
2001 წლის 17 სექტემბერს, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, სოფელ ჩარდახთან, დიდი სიჩქარით მიმავალი ახალი "მერსედესით" კაკლის ხეს შეეჯახა... ავარიას ერთი თვითმხილველი ჰყავდა, კობა ჩიხლაძე:
"თბილისიდან გორში მივდიოდით, სოფელ ჩარდახთან დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი შევნიშნეთ, - იხსენებდა მოგვიანებით, - ჯიპმა ერთ მანქანას გაასწრო, მწკრივში ჩადგა, მაგრამ უცბად გზიდან გადავიდა და დიდ ხეს შეეჯახა, რამდენიმე წამში მანქანასთან აღმოვჩნდით, რის ვაი-ვაგლახით გავაღეთ დეფორმირებული კარი და... დავით ყიფიანი ვიცანით, რომელიც დარტყმისგან მანქანის უკანა სავარძელზე აღმოჩნდა, გულ-მკერდის არეში ჰქონდა დაზიანებები და მივხდით, რომ ეს მისი სიცოცხლის ბოლო წამები იყო...“
ქართული სპორტის ლეგენდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოასწრეს - ფაქტობრივად, საავადმყოფოს ზღურბლზე გარდაიცვალა...
...რამდენიმე თვეში ლეგენდარული ფეხბურთელი 50 წლის ხდებოდა...
2001 წლის 22 სექტემბერს დავით ყიფიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ასევე განისვენებენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები - სლავა მეტრეველი, ნოდარ ახალკაცი, მიხეილ მესხი. მოგვიანებით, დავით ყიფიანის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვა, ასევე მისი სახელობისაა საქართველოს თასის გათამაშება...
იხილეთ ასევე: