ავტორი:

მკაცრი სასჯელი ძალადობის შესახებ ინფორმაციების გაშუქების გამო - 36 წლის ჩინელ ჟურნალისტს, 1000-დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, განაჩენი გამოუტანეს

მკაცრი სასჯელი ძალადობის შესახებ ინფორმაციების გაშუქების გამო - 36 წლის ჩინელ ჟურნალისტს, 1000-დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთში #MeToo მოძრაობის ცნობილ აქტივისტს სოფია ჰუან სიუეცინს "სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიისთვის" ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სოფია ჰუან სიუეცინს პარასკევს მსჯავრი დაედო, თითქმის 10 თვის შემდეგ, რაც მისი სასამართლო პროცესი დაიწყო. შრომითი უფლებების აქტივისტ ვან ჯიანბინგს კი, რომელიც ჰუანთან ერთად სასამართლოს წინაშე წარსდგა, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა გამოუტანეს განაჩენად.

  • 36 წლის ჰუანი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხმა იყო ჩინეთის #MeToo სივრცეში, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შესახებ სენსაციურ ისტორიებს აშუქებდა. ის ასევე საუბრობდა მიზოგინიასა და სექსიზმზე, რასაც ჩინურ რედაქციებში აწყდებოდა.

ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მტკიცებულებები აქვთ და რას გულისხმობენ სახელმწიფოს მიმართ დივერსიის მცდელობაში. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. თუმცა მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ისინი იმის გამო დააკავეს, რომ ახალგაზრდებისთვის სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრებსა და ფორუმებს რეგულარულად ატარებდნენ.

ჰუანი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მაგისტრატურის სტიპენდიით სასწავლებლად სასექსის უნივერსიტეტში მიემგზავრებოდა, როდესაც 2021 წელს, გუანჯოუს აეროპორტში დააკავეს. 40 წლის ვანგი კი იმ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა.

მხარდამჭერების თქმით, ორივე თვეობით იყო იზოლაციაში, წინასწარი პატიმრობა თითქმის 1000 დღე გაგრძელდა. მათი სასამართლო პროცესი მხოლოდ 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.

BBC Eye-ის 2022 წლის გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე სამარტოო საკანში იმყოფებოდა, საიდუმლო ადგილებში იყვნენ გამოკეტილნი, რომლებიც ცნობილია, როგორც "შავი ციხეები".

2021 წელს, კოვიდის გამო დაწესებული იზოლაციისა და მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე აქტივისტის შევიწროება დაიწყო, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ.

Amnesty International-მა გამამტყუნებელი განაჩენი "ბოროტი განზრახვით განპირობებულად და სრულიად უსაფუძვლოდ" შეაფასა.

უცნობია, ჩაეთვლებათ თუ არა ამ ორ პირს უკვე მოხდილი სასჯელი და გათვალისწინებული იქნება თუ არა ეს დრო საბოლოო სასჯელის შემცირებაში. ჰუანის სასამართლო პროცესზე საზოგადოების რეაქცია ადრეც წინააღმდეგობრივი იყო - ზოგი საქმეს ონლაინ სივრცეში გმობდა, ფემინისტური მოძრაობის კრიტიკოსები კი მას მიესალმებოდნენ. ჩინეთში გენდერული უფლებებისა და სოციალური საკითხების ბევრი დამცველი ინტერნეტში ანონიმურობის შენარჩუნებას არჩევს. ხშირად მათ სახელმწიფო მედია და ნაციონალისტები ინტერნეტში ბრალს სდებენ, რომ "მტრული დასავლური ძალების აგენტები" არიან.

წყარო