ავტორი:

"პუტინს აღარ შეუძლია გულხელდაკრეფილი იჯდეს" - 10 წლიანი შეთანხმება აშშ-სთან და რუსული აქტივებიდან გაყინული 50 მილიარდის სესხება: რა გადაწყვეტილებები მიიღეს G7-ზე უკრაინასთან დაკავშირებით?

"პუტინს აღარ შეუძლია გულხელდაკრეფილი იჯდეს" - 10 წლიანი შეთანხმება აშშ-სთან და რუსული აქტივებიდან გაყინული 50 მილიარდის სესხება: რა გადაწყვეტილებები მიიღეს G7-ზე უკრაინასთან დაკავშირებით?

აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება დადეს. შესაბამის დოკუმენტს იტალიაში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს ხელი.

  • შეთანხმების თანახმად, ის ნაბიჯი უნდა გახდეს "უკრაინის ნატოში სამომავლო წევრობისადმი" გზაზე და შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას ადასტურებს.

"უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასევე აფიქსირებს აშშ-ის ზრახვას მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციონალური და სხვა დახმარება „უკრაინული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასავითარებლად, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესია შეაკავონ".

უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კონსულტაციები ჩაატარონ და გაარკვიონ, რა დამატებით თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას.

ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციურად ნებისმიერ შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია, ვინაიდან დოკუმენტი კონგრესის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებს.

ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

"შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში და აღიარებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ "დიდი შვიდეულის" ლიდერების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი აშშ დოლარი გადაეცემა.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც დღეს უკრაინას უჭერენ მხარს,” - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებამ ასევე უნდა მისცეს უკრაინელებს გამბედაობა, გააგრძელონ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა.

„ამ თანხების გამოყოფა ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს შეიძინოს საჭირო იარაღი და დააფინანსოს რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა შოლცმა.