ათენის აკროპოლისი, საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობა, ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო ოთხშაბათს, პიკის საათებში დაიკეტა.
საბერძნეთში, სადაც ზაფხულობით რეგულარულად მაღალი ტემპერატურაა, წლის პირველი სიცხეების პერიოდი ამ ორი დღის განმავლობაში პიკს აღწევს. სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მიღებული ზომა გახანგრძლივდეს.
კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ საზოგადოება ათენის ირგვლივ, ატიკას რეგიონში ხანძრების ძალიან მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა.
ქვეყნის რამდენიმე რეგიონის, მათ შორის დედაქალაქის სკოლებში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს სასწავლო პროცესი შეწყდა, ხოლო შრომის სამინისტრომ საჯარო სექტორის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა ურჩია.
აკროპოლისი გასული წლის ივლისში, ტემპერატურის მატების გამო ორი კვირის განმავლობაში დახურეს. ეს შემთხვევა თავისი ხანგრძლივობით უპრეცედენტო იყო. გასულ წელს ძეგლი რეკორდული რაოდენობის, თითქმის ოთხმა მილიონმა ვიზიტორმა მოინახულა. ნაწილობრივ, მისი პოპულარობა ახლომდებარე პირეოსის პორტში ტურისტების საკრუიზო გემებით შემოსვლის გამოა გაზრდილი.