პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი - ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეული პრეზიდენტის მხარდაჭერა ახალგაზრდების მხრიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას".
"მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში. პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს. ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა, ან ვინმემ თუ შეიძლება მხარი დაუჭიროს, უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს ახალგაზრდა იქნება, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. სულისკვეთება ნათელია. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს აკეთებს," - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: "თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები".