ავტორი:

ჩინეთში აშშ-ის მოქალაქეებს დაესხნენ თავს: დაჭრილია ამერიკული კოლეჯის 4 მასწავლებელი, რომლებიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ - რა ხდება ცნობილი?

ჩინეთში აშშ-ის მოქალაქეებს დაესხნენ თავს: დაჭრილია ამერიკული კოლეჯის 4 მასწავლებელი, რომლებიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ - რა ხდება ცნობილი?

აშშ-ის კოლეჯის პედაგოგები, რომლებიც ჩინეთში ასწავლიდნენ, პოპულარულ საზოგადოებრივ პარკში დანით დაჭრეს, რაც ამ ქვეყანაში, სადაც ძლიერი უსაფრთხოების მექანიზმები მოქმედებს, უცხოელების წინააღმდეგ ძალადობის იშვიათი შემთხვევაა.

CNN-ის თანახმად, კორნელის კოლეჯის (კერძო თავისუფალი ხელოვნების კოლეჯი მაუნტ-ვერნონში, აიოვაში) ოთხი პედაგოგი "სერიოზულ ინციდენტში" ორშაბათს დაშავდა. ისინი ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ჯილინის ბეიხუას უნივერსიტეტთან პარტნიორულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.

"ჩვენ ოთხივე ინსტრუქტორთან დავამყარეთ კონტაქტი და მათ ამ მძიმე პერიოდში ვეხმარებით”, - განაცხადა კორნელის კოლეჯის პრეზიდენტმა, ჯონათან ბრენდმა და დასძინა, რომ პროგრამაში სტუდენტები არ მონაწილეობდნენ.

დღის სინათლეზე თავდასხმის შემდგომი წუთების ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც ჩინურ სოციალურ მედიაში გამოჩნდა, ცენზურა მალევე დაედო. მასში ორი მამაკაცი და ერთი ქალი ჩანს, რომლებიც მიწაზე წვანან და მსხვილი სისხლის ლაქები ფარავთ. როგორც ვიდეოში ჩანს, ისინი გონებაზე იყვნენ და ტელეფონზე საუბრობდნენ.

თავდასხმის შესახებ დეტალები, მათ შორის მოტივისა და თავდამსხმელისა თუ თავდამსხმელების ვინაობაზე, კვლავ უცნობია, ჩინურ ხელისუფლებას კი ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

CNN-მა გეოლოკაციის საშუალებით დაადგინა, რომ ვიდეო ბეიშანის პარკშია გადაღებული - ჯილინის ცენტრის პოპულარულ სარეკრეაციო ზონაში, რომელიც ბეიხუას უნივერსიტეტიდან მხოლოდ ნახევარი საათის გზაზეა. ორშაბათი ჩინეთში საჯარო დღესასწაული იყო.

აიოვას შტატის წარმომადგენელმა, ადამ ზაბნერმა CNN-ს განუცხადა, რომ მისი ძმა, დევიდ ზაბნერი, დანით დაჭრილთა შორის ერთ-ერთი მსხვერპლია.

მისი თქმით, მისი ძმა, რომელიც ჩინეთს კორნელის კოლეჯიდან მეორედ სტუმრობდა, "კარგად არის, ნაკერები დაედო და გამოჯანმრთელებას იწყებს".

ზაბნერმა აღნიშნა, რომ თავდასხმის სხვა სამი მსხვერპლიც გადაურჩა და დასძინა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი ძმა კარგადაა და ამ თავდასხმას გადაურჩა", - განაცხადა მან CNN-თან ინტერვიუში.

"ჩემი ოჯახის იმედოვნებს, რომ ჩემი ძმა რაც შეიძლება, მალე დაბრუნდება სახლში და გამოკეთდება. გვინდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დახმარებისთვის მადლობა გადავუხადოთ, ისევე, როგორც ჩვენს ფედერალურ დელეგაციას აიოვადან, რომელიც განსაკუთრებით გვედგა გვერდში".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ჩინეთში მომხდარი დანით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია აქვთ და სიტუაციას აკვირდებიან.

ჩინეთში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა მკაცრად კონტროლდება, ცივი იარაღით თავდასხმები იშვიათი არ არის. საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, ქვეყანამ დანით მასობრივი თავდასხმების სერია იხილა. თუმცა, საზოგადოებრივი თავდასხმები უცხოელების წინააღმდეგ იშვიათია. თავდასხმა ჯილინში იმ ფონზე მოხდა, რომ ჩინეთი ცდილობს, Covid-19-ის შედეგად სამწლიანი საზღვრების გამკაცრების შემდეგ, უცხოელი ვიზიტორები ხელახლა მოიზიდოს. ქვეყანა აშშ-თან საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაზრდაზეც ზრუნავს, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს. გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის ვიზიტისას, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაცვლით და სასწავლო პროგრამებზე 50,000 ახალგაზრდა ამერიკელს მოიწვევს, რათა ორ ქვეყანას შორის პირადი კავშირები გაღრმავდეს.

ინციდენტმა აიოვას ოფიციალური პირებისა და კანონმდებლების ყურადღება და შეშფოთება გამოიწვია. აიოვას გუბერნატორმა, კიმ რეინოლდსმა მას "შემზარავი თავდასხმა" უწოდა. აიოვადან კონგრესის წევრმა, ეშლი ჰინსონმა კი, რომელიც იმ რაიონს წარმოადგენს, სადაც კორნელის კოლეჯი მდებარეობს, განაცხადა, რომ კოლეჯის თანამშრომლები "დანით სასტიკად დაჭრეს" და გასცა დაპირება, რომ "ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აიოველები შინ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ".

წყარო