ვლადიმერ პუტინის ქალიშვილები "სამალავიდან გამოდიან" - კატერინა ტიხონოვამ და მარია ვორონცოვამ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მამის იმიჯის გასაძლიერებლად ისაუბრეს - ინფორმაციას bloomberg ავრცელებს.
ტიხონოვამ და ვორონცოვამ თამამად მიიღეს მოწვევა და სამიტზე თავიანთ კარიერაზე ისაუბრეს. გამოცემის აზრით, პუტინი მისი იმიჯის გასაძლიერებლად ოჯახურ კავშირებს იყენებს.
"პრეზიდენტი ახლა იმ ასაკშია, როცა მემკვიდრეების ძებნას იწყებს. შვილებს კი საუკეთესო ვარიანტად განიხილავს" - ამბობს CIA-ის ყოფილი აგენტი რონალდ მარკსი.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შვილებზე საუბარს თავს არიდებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს სანქციები ვორონცოვასა და ტიხონოვას შეეხოთ.
"გვჯერა, რომ პუტინის ბევრი აქტივი ოჯახის წევრებთან არის დამალული, ამიტომაც ვუმიზნებთ მათ", - თქვა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.
ვორონცოვა და ტიხონოვა პუტინისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილას შვილები არიან. წყვილი 1983 წელს დაქორწინდა, როდესაც ლუდმილა ბორტგამცილებელი, ხოლო პუტინი KGB-ს აგენტი იყო.
მათი ქორწინება ოფიციალურად 30 წელს გაგრძელდა. მარია ვორონცოვა 1985 წელს დაიბადა. სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ბიოლოგია, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინა ისწავლა.
ვორონცოვა ახლა აკადემიკოსია, რომელიც ენდოკრინოლოგიის კუთხით მუშაობს. გარდა ამისა, ის ბიზნესითაც არის დაკავებული. როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია Nomeco-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში.
კატერინა ტიხონოვა დაქორწინებულია კირილ შამალოვზე, ნიკოლაი შამალოვის ვაჟზე, რომელიც პუტინის დიდი ხნის მეგობარია. ცოლ-ქმარი ერთად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კორპორაციულ ჰოლდინგს ფლობდნენ. ამას ემატება სხვა ქონება და აქტივებიც. ამჟამად ტიხონოვა მეცნიერებითა და ბიზნესით არის დაკავებული. ის ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდის დირექტორია.
წაიკითხეთ ასევე: