გასულ კვირას, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, 33 წლის ქართველი ქალი ნათია გულბანი მოკლეს. პოლიციამ მალევე დააკავა მოკლულის მეუღლე 32 წლის კაცი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 2 ივნისის ღამე მოხდა. ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს ბინიდან ჩხუბის ხმა მოესმათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
5 ივნისს, ბარსელონას სასამართლომ გარდაცვლილის პარტნიორი კაცი მკვლელობისა და გენდერულ ძალადობაში ბრალდებით დააპატიმრა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალი, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა, სავარაუდო სექსისტური დანაშაულის მსხვერპლი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის მე-4 სასამართლომ დაკავებულს დროებითი პატიმრობა შეუფარდა, გირაოს გამოყენების გარეშე.
საქმის მიხედვით, მსხვერპლს სხეულზე ჰქონდა სისხლჩაქცევები და ჭრილობები, რაც მუდმივმა ძალადობამ გამოიწვია, თუმცა ამის შესახებ გარდაცვლილს არავისთან უსაუბრია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ბინაში მყოფმა გარდაცვლილის ქმარმა და დედამთილმა განაცხადეს, რომ ქალმა თავი მოიკლა. თუმცა მოწმეები, მათ შორის მეზობელი, რომელმაც მომხდარი მოპირდაპირე ბინიდან ნახა, ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა კამათის შემდეგ ქალი აივნიდან გადააგდო.
გარდაცვლილის გარემოცვა აცხადებს, რომ ბრალდებული კაცი ძალიან ეჭვიანი იყო. ის ქალს შეურაცხყოფას აყენებდა, აფურთხებდა, თავს ესხმოდა და დასცინოდა. პოლიციას არაერთხელ მოუწია ჩარევა კონფლიქტში, მაგრამ ქალი პარტნიორს არ უჩიოდა. ისინი წელიწადნახევარი ცხოვრობდნენ ერთად.
გასული წლის აგვისტოში მეზობლებმა ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს. ქალს ჰქონდა სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, მაგრამ მან თქვა, რომ ის სანაპიროზე ყოფნისას მიიღო. პოლიციამ კიდევ ერთხელ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე მიაკითხა სახლში, მიზეზი მაშინაც წყვილს შორის მომხდარი ჩხუბი გახლდათ. დანაშაულის ღამეს ისინი კამათობდნენ. ქალი აივანზე გავიდა, მას მეუღლეც გაჰყვა. შემდეგ მეზობლებმა ჩხუბის და დაცემის ხმა გაიგონეს.
ამის შემდეგ სავარაუდო თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, მეზობლები კი მის შეჩერებას ცდილობდნენ. კაცი გაიქცა და პოლიციამ ბიძაშვილის სახლში დააკავა - წერს მედია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ცხედარს პირველი მიუახლოვდა, მაგრამ არ დაეხმარა და არც სასწრაფოში დაურეკავს, თავი ასწია და წავიდა.
მომხდარის შემდეგ, მთელი კვირის განმავლობაში, ბინაში მცხოვრებლები გარდაცვლილის სოლიდარობის ნიშნად აქციებს მართავდნენ.
მაკო სამხარაძე კიდევ ერთი ქართველი ქალია, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს, მომხდარის შემდეგ, სოციალურ ქსელში სოლიდარობის აქციიდან ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.
მაკო წერს:
- ესპანელი მეზობლების სოლიდარობა გარდაცვლილ ქართველ გოგონას.
სასწაული ხდება აქ.
მეზობლებს ფანჯრები მორთული აქვთ იასამნისფერი ლენტებით. მისი საყვარელი ფერი ყოფილა. მთელს ქუჩაზე, მეტროს ამოსასვლელში, ყველგან წარწერები, პლაკატები, სანთლებია.
ესპანეთში ორი წლის წინ ჩასული ნათია გულბანი ბინების დალაგებაზე მუშაობდა. მისი თანამშრომელი ამბობს, რომ ნათიას ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდა პარტნიორ ბ.ი.-სთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაქორწინება შესთავაზა. თუმცა, ნათია არასოდეს საუბრობდა ღიად იმ ძალადობაზე, რომელსაც განიცდიდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქალი სამსახურში აცრემლებული თვალებით იყო მისული, თუმცა ძალა არასდროს ჰყოფნიდა, დახმარება ეთხოვა. წყვილი კაცის დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ასევე ძალადობას მალავდა.
წაიკითხეთ ასევე: