ავტორი:

რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი კუბას ეწვევა - რა არის მიზანი და რას აცხადებენ ოფიციალური პირები?

რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი კუბას ეწვევა - რა არის მიზანი და რას აცხადებენ ოფიციალური პირები?

რუსული ატომური წყალქვეშა ნავი მომავალ კვირას ჰავანას ეწვევა - ამის შესახებ კუბის ხელისუფლებამ განაცხადა. ატომური წყალქვეშა ნავი Kazan და სამი სხვა რუსული საზღვაო ხომალდი, მათ შორის სარაკეტო ფრეგატი Admiral Gorshkov, ნავთობის ტანკერი და სამაშველო ბუქსირი, კუბის დედაქალაქში 12-17 ივნისს განთავსდება.

  • "არც ერთი გემი არ ატარებს ბირთვულ იარაღს, ამიტომ მათი გაჩერება ჩვენს ქვეყანაში არ წარმოადგენს საფრთხეს“, - ამბობენ კუბელი ოფიციალური პირები.

მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი თვალყურს ადევნებდა რუსულ ხომალდებს და თვითმფრინავებს, რომლებიც კარიბის ზღვის აუზში სამხედრო წვრთნებს გადიოდნენ.

რუსეთის არმიის უჩვეულო განლაგება აშშ-სთან ასე ახლოს უკრაინის ომის გამო არსებული დიდი დაძაბულობის ფონზე ხდება.

როგორც "გარდიანი" წერს, რუსული გემების კუბაში განთავსება ასევე გადაფარავს ბაიდენის ვიზიტს იტალიაში G7 ლიდერების სამიტზე. აღსანიშნავია, რომ კუბის პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი გასულ თვეში მოსკოვში იმყოფებოდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ცივი ომის დროს კუბა საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო იყო. კუნძულზე საბჭოთა ბირთვული სარაკეტო ობიექტების განთავსებამ 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისი გამოიწვია, რამაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ომის დაწყების საშიშროება გააჩინა. 2022 წელს დიაზ-კანელისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და კუბის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.