"ნაღვენთი ფორმებით შემკობილი მიწისქვეშა სასახლეები პირველად იხილა ადამიანის თვალმა. ის, რაც მილიონი წლების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული, ქართველ გეოგრაფ მკვლევართა დიდი ენთუზიაზმისა და თავდადების მეშვეობით მისაწვდომი გახდა დამთვალიერებელთათვის" - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი კუკური წიქარიშვილი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გორის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი - თამაზ ქობულაშვილი უნიკალურ ცნობებს პრომეთეს მღვიმის აღმოჩენის შესახებ ექსკლუზიურად გვაწვდიან...
პრომეთეს (წყალტუბოს) მღვიმე (აღმოჩენა, კვლევა, კეთილმოწყობა)
- წყალტუბოს მიდამოები მდიდარია ბუნებრივ-რეკრეაციული და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. ასევე მდიდარი და მრავალფეროვანია აქაური მიწისქვეშეთი. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეო ჯგუფებს წყალტუბო-ქუთაისის კირქვულ მასივზე სხვადასხვა წლებში არაერთი სეზონი უმუშავიათ და არაერთი მღვიმე და შახტი აღმოუჩენიათ და შეუსწავლიათ (ლევან მარუაშვილი, ზურაბ ტატაშიძე, შალვა ყიფიანი, გრიგოლ დევდარიანი და სხვ.), მაგრამ „ოფიჭოს“ სისტემა ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდათ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ყუმისთავის მჭიდროდ დასახლებულ უბანში სპელეოლოგები მანამდე სრულებით უცნობ მიწისქვეშა დერეფნებში აღმოჩნდნენ. 1983 წლის შემოდგომაზე, სპელეოლოგთა მცირერიცხოვანი რაზმი თამაზ ქობულაშვილის, ვახტანგ კაპანაძის და ამირან ჯამრიშვილის შემადგენლობით მდ. ყუმის ვოკლუზს და მიმდებარე ტერიტორიას იკვლევდნენ.
ტერიტორიის დათვალიერებისას ჯგუფი "ყუმის ვოკლუზის" თავზე ე. წ. "ანძების" მახლობლად მოზრდილ კარსტულ ძაბრს წააწყდა, რომლის ფსკერზე ჯაგნარით შენიღბული შესასვლელი მოჩანდა. შესასვლელი ხვრელის დაძლევის შემდეგ ჯგუფი უცნობ, დამრეც ფსკერიან, მცირე ზომის დარბაზში აღმოჩნდა. დარბაზის ბოლოში, დაბალი და ვიწრო ხვრელის დაძლევის შემდეგ მკვლევარები მანამდე უცნობ, გიგანტურ დარბაზში აღმოჩნდნენ. აქამდე ყუმისთავის ტერიტორიაზე სრულიად უცნობი მიწისქვეშა დერეფნების ხილვით მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. საჭირო გახდა შედარებით უსაფრთხო და ადვილად მისადგომი შესასვლელის პოვნა, რომელიც მღვიმის კეთილმოწყობის შემთხვევაში მკვლევარებსა თუ მშენებლებს მღვიმეში მუშაობის და თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემდა. ამ მიზნით, 1984 წლის 15 ივლისს გეოგრაფიის ინსტიტუტის საექსპედიციო ჯგუფი ჯუმბერ ჯიშკარიანის, თამაზ ქობულაშვილის, ვახტანგ კაპანაძის, ამირან ჯამრიშვილის და კოტე ნიჟარაძის შემადგენლობით "ღლიანას მღვიმის" მიდამოებში დაბანაკდა.
ძირითადი მიზანი "ორპირის გვირაბის" მიღმა მიტოვებული ვრცელი გვირაბის დათვალიერება გახლდათ. საძიებო სამუშაოები დიდხანს გაგრძელდა. მომქანცველი ლოდინის შემდეგ ჯგუფი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების გარემოცვაში აღმოჩნდა. ყოველი წინააღმდეგობის დაძლევა ახალ-ახალი, ერთმანეთისაგან ნაღვენთი ფორმების სიუხვით, სრულიად განსხვავებული სხვადასხვა ზომის დარბაზების აღმოჩენით მთავრდებოდა.
ყუმისთავის მიწისქვეშეთში ჩამალული სილამაზე ექსპედიციის წევრების შემდეგ პირველად იხილეს წყალტუბოს პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა გივი აბზიანიძემ, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ მირზა ქორქაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს საქალაქო განყოფილების უფროსმა ზაურ მჟავანაძემ და ქუთაისის ტურისტული კლუბის "ოქროს ჩარდახის“ გამგეობის თავმჯდომარემ გივი ყალაბეგიშვილმა... გეოგრაფთა ეს შესანიშნავი აღმოჩენა გულთან ახლოს მიიტანეს და მღვიმის დაცვისა და სამეურნეო ათვისების საქმეში ბევრი რამ გააკეთეს წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა და სოფელ ყუმისთავის მოსახლეობამ.
წყალტუბოს რაიონის ხელმძღვანელობამ ოპერატიულად ჩააყენა საქმის კურსში ზემდგომი ორგანოები. გადაწყდა, რომ მღვიმეს რამდენიმე დღეში რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელი მუშაკები ეწვეოდნენ. უპირველესად დამთვალიერებლებისაგან მღვიმის დაცვისა და მათი უსაფრთხოების მიზნით შესასვლელს გაუკეთდა რკინის კარი. მომდევნო სამუშაოების დროს მღვიმის ნაღვენთი ფორმების მექანიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით მუშა-მოსამსახურე პერსონალი ბრიგადებად დაიყო, რომელთაც სათავეში პირველაღმომჩენთა ოთხეული ჩაუდგა. მთავრობის წევრების ჩამოსვლამდე გაიჭრა და გაფართოვდა დარბაზებს შორის დამაკავშირებელი ვიწრო გასასვლელები, ბრტყელი ქვებისაგან გაკეთდა "კიბეები", თოკებისგან მოაჯირები, მღვიმეში დამონტაჟდა 1500 მეტრის სიგრძის ელექტრო-განათება, რის მეოხებითაც შესაძლებელი გახდა საუკუნეობით გამეფებული წყვდიადის ერთბაშად გაჩირაღდნება. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ შესრულდა 50 ათასი მანეთის პირველადი სამუშაოები.
სამთავრობო დადგენილებით ზუსტად განისაზღვრა ახლად მიკვლეული სპელეოლოგიური ობიექტის კომპლექსური შესწავლა, გამოიყო თანხები, შედგა ძეგლის კეთილმოწყობის პროექტი, ჩატარდა პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოები. მღვიმისა და მისი შემოგარენის კვლევის კომპლექსური მეცნიერული პროგრამა დამუშავდა პროფესორ ზურაბ ტატაშიძის და ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორის თამაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.
1987 წლის ოქტომბერში "წყალტუბოს მღვიმის" ბაზაზე გაიმართა საერთაშორისო სპელეოლოგიური სიმპოზიუმი, რომელიც თბილისში, წყალტუბოსა და სოხუმში ჩატარდა. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, კანადიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სსრ კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკიდან. სიმპოზიუმის დამთავრების შემდეგ დაგეგმილი იყო წყალტუბოს ახლად აღმოჩენილი, ჯერ კიდევ "ველური" მღვიმის დათვალიერება.
მოუწყობელ მღვიმეში, თან მკაცრად რეგლამენტირებულ დროში, ძალიან ძნელი იყო 200-მდე სტუმრის მიღება. თუმცა სიმპოზიუმის მასპინძლებს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების აქტიური მხარდაჭერით თავი არ დაუზოგავთ სტუმრების ღირსეულად დასახვედრად. მღვიმის დათვალიერების შემდეგ შთაბეჭდილებების წიგნში გაჩნდა მსოფლიოში აღიარებული, ცნობილი მეცნიერების, მკვლევარების, სპელეოლოგების აღფრთოვანებული ჩანაწერები.
ამჟამად მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების“ დაქვემდებარებაშია. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმე ბუნების შესანიშნავი ძეგლია. მისი ცალკეული დარბაზები მართლაც რომ მდიდრულად არის მორთული მრავალფეროვანი ნაღვენთ-ნაწვეთი კალციტური წარმონაქმნებით, რომელთა ხილვა, ეჭვს გარეშეა, დიდ ინტერესს იწვევს მნახველთა ფართო წრეებში. მღვიმის მოწყობით დიდი მამულიშვილური საქმე გაკეთდა! მისი სახით ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ჩინებული, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აღჭურვილი ტურისტული ძეგლი შეემატა. ბუნების დღემდე უცნობი ძეგლის სამეურნეო ათვისებამ დადებითი გავლენა მოახდინა მსოფლიოში სახელგანთქმულ კურორტ წყალტუბოსა და მისი შემოგარენის ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ განვითარებაზე.