თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყოფით თემაზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა მეზობელი და მისი მეგობარი სანადირო თოფით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული 1980 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
როგორც AMBEBI.GE-ს ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი გვიყვება, ახალგაზრდა თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ირკვევა, რომ კონფლიქტი დაბადების დღეზე დაიწყო, სადაც ნიკა არჩვაძე და ბაჩო ბაშარული იმყოფებოდნენ.
"ნიკოლოზი საოცარი ადამიანია იყო, მეოჯახე, მშრომელი, პატიოსანი. შოკში ვართ მისი ასეთი სიკვდილით. ცხოვრობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მომხდარა მკვლელობა. ბაჩო მხატვარი იყო, 3 შვილის მამა საოცარი ადამიანი, ნიკოლოზს 2 შვილი დარჩა"- გვიყვება მოკლულის ოჯახის ახლობელი.
წაიკითხეთ ასევე: