ავტორი:

"ივანიშვილმა იცის, რუსული სპეცსამსახურები როგორ ასრულებენ ასეთ მუქარებს, ბერეზოვსკისა და სხვათა ბედის გაზიარების ეშინია და მზად არის სახელმწიფო ინტერესებით ივაჭროს" - ექსპერტი

"ივანიშვილმა იცის, რუსული სპეცსამსახურები როგორ ასრულებენ ასეთ მუქარებს, ბერეზოვსკისა და სხვათა ბედის გაზიარების ეშინია და მზად არის სახელმწიფო ინტერესებით ივაჭროს" - ექსპერტი

ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმწვავესი კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მაინც დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც ჩვენში ხშირად "რუსულ კანონად" მოიხსენიებენ. ქვეყანაში თითქმის 50-დღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, არავის აზრი არ გაითვალისწინა. უმძიმესი შეფასებები ისმის დასავლეთიდან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირებაზე ლაპარაკობს, "ქართული ოცნება" კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამ კანონით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს. მეტიც, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებას გვპირდება, აშშ-თან კი ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა ისე ჩანს, რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში ხელისუფლებას მოკავშირე აღარ ჰყავს. ექსპერტთა აზრით, ჩვენი ქვეყანა იზოლაციის გზას დაადგა, რაც კარგად არ დასრულდება. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- საჯარო განცხადებები პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს, მით უფრო, ქვეყნის პირველი პირების, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის განცხადება კონკრეტული პოლიტიკოსის რეალურ პოზიციას ასახავს. კობახიძისა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები, სამწუხაროდ, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. არ ვიცი, რომელი ევროპისკენ მიდიან ეგენი, ან როგორ შეიძლება აშშ-თან ურთიერთობა გააუმჯობესონ. იმის დანახვას, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან დაკავშირებით ორპარტიული გადაწყვეტილება მიიღო, არ სჭირდება პოლიტიკის ცოდნა. ამერიკის ხელისუფლებაში ვინ იქნება - ბაიდენი დარჩება თუ ტრამპი მოვა, არა აქვს მნიშვნელობა, რადგან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციებსა თუ სხვა შეზღუდვებზე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმებული არიან. "ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ აშშ-ში ტრამპს აირჩევენ და ყველაფერი შეიცვლება, თურმე ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ეს მტკნარი ტყუილია. ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, აშშ თუ ევროკავშირი საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოსავით არ იცვლის და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არაფერია დამოკიდებული. ასე რომ, როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრება სურთ და იზრუნებენ აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, წმინდა წყლის ბლეფი და პროპაგანდაა.

უკვე რუსებიც დაგვცინიან ამათი განცხადებების გამო. კობახიძის ნათქვამს, რომ თურმე 2030 წელს ევროკავშირში აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევალთ, ზოგმა "ეშმაკის ნაკარნახევი" ეძახა, ზოგმა პრემიერის "ფანტაზიები"... აი, რა დღეში ჩავიგდეთ თავი, რუსეთი, საითაც მიჰყავთ ქვეყანა, დაგვცინის, მეორე მხარე კი კატეგორიულად გვეუბნება, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენი ადგილი ევროპაში არ არისო, და ლაპარაკი, რომ თურმე ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ამგვარი პოლიტიკით სუვერენიტეტს ვიცავთ და ევროკავშირში გავწევრდებით, სულ ცოტა, ადეკვატურობასთან აცდენილია.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად შეცვლილია, "ქართულმა ოცნებამ", რომელიც მუდმივად გაიძახის, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, ომი თვითონ გამოუცხადა მთელ ცივილიზებულ სამყაროსა და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. კიდევ მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველა განცხადება ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან.

- ხელისუფლების მტკიცებით, ეს კანონი სუვერენიტეტის დასაცავად მიიღეს...

- ვისგან იცავენ ამ სუვერენიტეტს, დასავლეთისგან, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიაა? ვინ არღვევს ამ სუვერენიტეტს და ქვეყნის მთლიანობას, ვის აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული? კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ჰქონოდა იმის უნარი, რომ ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია… - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ფაქტობრივად, დასავლურ სამყაროსგან უკვე იზოლირებული ვართ - დააკვირდით ან რა განცხადებებს ვისმენთ ევროპიდან თუ აშშ-დან ან როგორი რიტორიკით პასუხობენ ამას საქართველოდან.

დღეს ჩვენ ავტორიტარიზმის ზღვართან ვდგავართ, ისევე, როგორც ვიდექით 2012 წელს. ჩვენ ეს პრობლემა და საფრთხე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მოგვყვა, ვერაფრით ვერ დავძლიეთ. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, რომ მათ რაღაც საიდუმლო საფრთხის შესახებ იციან და არ გვიმხელენ, ესეც ნაცნობი რიტორიკაა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ცდილობდა საზოგადოების ამგვარად დაშინებას. ხალხის ნაწილს ამის სჯერა, ფიქრობენ, რომ ინფორმაცია ხელისუფლებას მართლაც მეტი აქვს და ასეც არის, მაგრამ განა რა შეიძლება იცოდნენ ისეთი, რაც ქვეყანას ემუქრება, რისი თქმაც არ შეიძლება?

მაგალითად, ივანიშვილმა შეიძლება იცოდეს, რომ მას პირადად ემუქრებიან იქიდან, საითაც ქვეყანა მიჰყავს, ანუ რუსეთიდან. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ. ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რუსული სპეცსამსახურები როგორ ასრულებენ ასეთ მუქარებს, ბერეზოვსკისა და სხვათა ბედის გაზიარების ეშინია და მზად არის სახელმწიფო ინტერესებით ივაჭროს, მაგრამ ივანიშვილის საფრთხე და ქვეყნის საფრთხე სხვადასხვა რამ არის. გააგრძელეთ კითხვა