ავტორი:

"კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით...ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით...ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია და ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

"ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა.

რაც შეეხება კანონს. კანონზე ნუღარ ილაპარაკებთ და ინერვიულებთ. კანონი მიღებულია. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შესაძლოა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობდეს, რასაც მისი შეფასებით პარტნიორებთან დიალოგი და დისკუსია სჭირდება.

“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ.

ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.