სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის "მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“.
"უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია.
არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები.
სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.
უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას”, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს კობახიძემ განაცხადა, - უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, დღეს კი ქვეყანა არის ჩამოქცეული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებსო.
"ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა შეგახსენოთ რა იყო უკრაინისთვის მაიდანის შედეგები. მაშინ რეალურად გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და საბოლოო ჯამში, ვინც დანიშნა გარედან ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისებრივად შემცირებული, ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.