დისტოპია მხატვრული ლიტერატურის ჟანრია, რომელიც ასახავს არასასურველი, საზარელი ან საშიში საზოგადოების წყობილებას. უტოპიისგან განსხვავებით, რომელიც იდეალურ საზოგადოებას ასახავს, დისტოპია ემსახურება სოციალური, პოლიტიკური თუ ტექნოლოგიური ტენდენციების შესაძლო ნეგატიური შედეგების წარმოჩენას.
დისტოპიური ჟანრის წიგნებში ავტორები ხშირად ახდენენ არსებული პრობლემების მომავალში ექსტრაპოლაციას. ეს ხერხი საშუალებას აძლევს მწერლებს გააკრიტიკონ თანამედროვე საზოგადოების სხვადასხვა ასპექტები, იქნება ეს ტოტალიტარული რეჟიმი, კონტროლი ინდივიდზე, ეკოლოგიური კატასტროფები თუ სოციალური ნორმების დეგრადაცია.
დისტოპიური მხატვრული ლიტერატურა მკითხველს აიძულებს იფიქროს ჩვენი ამჟამინდელი ქმედებებისა და არჩევანის შესაძლო შედეგებზე; დაანახოს კრიტიკული აზროვნება, სოციალური პასუხისმგებლობა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის მნიშვნელობა.
მხევლის წიგნი
„მხევლის წიგნი“ 1985 წელს გამოქვეყნდა და მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება სწრაფად მიიპყრო თავისი შინაარსის, თხრობის დამახასიათებელი მანერისა და სოციალური და პოლიტიკური საკითხების თანამედროვეობასთან რელევანტურობის გამო. წიგნში, ავტორი თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აყენებს - რელიგიური ფუნდამენტალიზმი, ფემინიზმი, კონსუმერიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რომლებიც აქტიურად განიხილება 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან, რამაც რომანი თითქმის წინასწარმეტყველური გახადა.
„მხევლის წიგნი“ – წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას.
ნაწარმოებში მოქმედება ახლო მომავალში, ახალ ინგლისში, პატრიარქალურ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, გილეადის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. წიგნის მთავარი პერსონაჟი გახლავთ ქალი, სახელად ფრედისა, რომელიც მხევალთა კასტას მიეკუთვნება, რომელთაც მამაკაცებისთვის – გილეადის მმართველი კლასისთვის – ბავშვების გაჩენა ევალებათ. მისი ნამდვილი სახელი - ჯუნია. ფრედისა მას გილეადში დაარქვეს, სახელი ფრედისა ნიშნავს იმ მამაკაცის (ფრედის) კუთვნილებას, ვისაც მან შვილი უნდა გაუჩინოს.
1984
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი, ჯორჯ ორუელის წიგნი - გაფრთხილება და, ამავდროულად, სასოწარკვეთაა ადამიანის მომავლის გამო. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან. XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა რომანმა, 1984, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. ჯორჯ ორუელი თავისი დროის პოლიტიკური მწერალი იყო. მას სძულდა ტოტალიტარიზმი, კრიტიკული თვალით უყურებდა კომუნიზმს და ემხრობოდა სოციალიზმს. ვერ იტანდა ინტელექტუალებს, თუმცა თვითონ ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. სძულდა პირმოთნეობა და სისასტიკე ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც. 1984 - გამაოგნებელი ძალმოსილების ორიგინალური რომანი - დღემდე თანამედროვე კლასიკისა და ე.წ. „ნეგატიური უტოპიის“ დიდ ნიმუშად რჩება. მასში აღწერილი წარმოსახვითი სამყარო დამაჯერებელია პირველიდან უკანასკნელ ბწკარამდე.
ცხოველების ფერმა
„ცხოველების ფერმა“ ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ - აკრძალული რომანი, ანუ ვინ აშენებს უტოპიურ სახელმწიფოს! რით ჰგვანან „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟები - ღორი ნაპოლეონი, ძაღლი პინჩერი, თვინიერი ცხვარი, დამონებული ცხენები, იხვის ჭუჭულები და მათი მეგობრები ადამიანებს; რატომ უნდა გამოცემულიყო გაცილებით ადრე ჯორჯ ორუელის ეს მინირომანი; რა დაეხმარება ძველ თაობას იმისთვის, რომ არასოდეს დაივიწყოს, საიდან მოდიან და რატომ არ უნდა გაუჩნდეთ ახალგაზრდებს ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი. რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც ღორებმა თავად დაიწყეს წესების დარღვევა, პარალელურად კანონებმაც დეფორმაცია განიცადა. მიუხედავად ამისა, ღორები მაინც აჯერებდნენ დანარჩენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი არ იყო შეცვლილი და მათ მუდამ ახლანდელი სახე ჰქონდათ.
არასოდეს გამიშვა
ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ანტიუტოპიური რომანი, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი მოზარდის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის აღსაზრდელები არიან. მოქმედება ალტერნატიულ ინგლისში ხდება, ხოლო ჰეილშემი გარე სამყაროსგან სრულად მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, აუხსნელი წესები მოქმედებს. მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. მაგრამ რატომ არიან განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს“ სხვებისგან? ამ კითხვებზე მათ არავინ სცემს პასუხს და ბავშვებმა ჯერ არ იციან, რომ წინ კიდევ უფრო უცნაური რეალობის აღმოჩენა, უამრავი ტკივილი და იმედგაცრუებაა... „არასოდეს გამიშვა“ სევდიანი, ამაღელვებელი, გულში ჩამწვდომი მრავალშრიანი რომანია, რომელიც უამრავ საფიქრალს ტოვებს. მასში ყველაფერია მოგონებები, ოჯახი, მეგობრობა, დიდი სიყვარული და ეს ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელი რაკურსით და შთამბეჭდავად არის ნაჩვენები, რომ მკითხველში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. „არასოდეს გამიშვა“, შეიძლება, პოლიტიკურ რომანად ან ტრილერად მოგვეჩვენოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეგზისტენციალური იგავია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ ბედნიერების პოვნას მანამ, სანამ ირგვლივ სიბნელე ჩამოწვება.
კლარა და მზე
"ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში. ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?"
შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის ფესტივალი 30 ივნისიდან 2 მაისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად უამრავი წიგნი, მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა, სხვადასხვა შეთავაზება და ფასდაკლებები ელოდებათ. წელს ფესტივალი განახლებული პროგრამითა და ღონისძიებებით უმასპინძლებს როგორც ზრდასრულ, ისე პატარა მკითხველს.
R