ავტორი:

კუჭ-ნაწლავის სრულყოფილი კვლევა - რეალური ინფორმაცია გასტროსკოპიის შესახებ, რომელზეც საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს

კუჭ-ნაწლავის სრულყოფილი კვლევა - რეალური ინფორმაცია გასტროსკოპიის შესახებ, რომელზეც საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს

გასტროსკოპია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო კვლევაა, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებაში შეიძლება ბევრი არასასიამოვნო რამ გაიგოთ. თუმცა თანამედროვე მედიცინის წყალობით, ეს პროცედურა აღარ არის ისეთი უსიამოვნო, როგორც წლების წინ და შესაბამისად, ადამიანებისგან მოსმენილი ბევრი შეფასებაც არასწორია. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს პროცედურის ინტრავენური ანესთეზიით გაკეთებაც შესაძლებელია.

გასტროსკოპია არის ენდოსკოპიური პროცედურა, რომელიც გამოიყენება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოსკავლლევად. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი-ენდოსკოპისტი ზანდა კუტივაძე განმარტავს, ეს პროცედურა ტარდება როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე სამკურნალოდ.

რომელი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ ტარდება გასტროსკოპია?

გასტროსკოპია ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის: ზედა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული პათოლოგიური პროცესების სადიაგნოსტიკოდ. როგორიცაა: წყლულოვან ეროზიული ეზოფაგიტი, გასტრიტი, დუოდენიტი , კარდიოსპაზმი, ბარეტის ეზოფაგუსი, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები.

ეს სამედიცინო კვლევა ტარდება როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობისთვის. დიაგნოსტიკის დროს, შეგვიძლია ვაწარმოოთ მოკვნეტითი ბიოფსია და ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის ავიღოთ მასალა. ამ დროს შესაძლებელია როგორც ჯანმრთელი, ისე დაზიანებული ქსოვილის აღება. ჯანმრთელ ქსოვილს ვიღებთ ჰელიკობაქტერია პილორის დასადგენად. ეს ბაქტერია არის წყლულოვანი პათოლოგიის გამომწვევი ერთ-ერთი ხშირი მიზეზი. რაც შეეხება დაზიანებულ ქსოვილს, ამ შემთხვევაში ბიოფსიას ვიღებთ როდესაც ორგანიზმში მეტაპლაზიური, დისპლაზიური ან ონკოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ვთქვით, გასტროსკოპიის დროს ვაწარმოებთ სამკურნალო ჩარევებსაც. მაგალითად, ვაჩერებთ სისხლდენებს საყლაპავიდან, კუჭიდან, თორმეტგოჯა ნაწლავიდან, ვაკეთებთ საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირებას, ვახდენთ დაზიანებული უბნის კლიპირებას პერფორირებული უბნის ან ღრმა სისხლდენის დროს. გასტროსკოპიის დროს შესაძლებელია გაკეთდეს საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის სტენტირება. პოლიპექტომია, ბალონური დილატაცია.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება.

რა სიმპტომების დროს ტარდება გასტროსკოპია?

კვლევას, როგორც წესი, შესაბამისი სპეციალისტი ნიშნავს. თუმცა მომართვიანობა ხდება თვითდინებითაც. გასტროსკოპია საჭიროა, როდესაც პაციენტს აწუხებს: გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი ეპიგასტრიუმის სისტემაში, განსაკუთრებით, ღამის ტკივილები. წონაში სწრაფი კლება, სისხლიანი ღებინება ,მელენა - შავი კუპრისფერი განავლოვანი მასების არსებობა და ყლაპვის გაძნელება ასევე გასტროსკოპიის ჩვენებაა.

საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ პროცედურის სირთულეზე. რეალურად რამდენად რთულია გასტროსკოპია?

გასტროსკოპიის დროს პაციენტი უფრო დისკომფორტს განიცდის, ვიდრე ტკივილს. პროცედურის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში, ადგილობრივი ანესთეზიის გასვლამდე, ყლაპვის გაძნელებაფიქსირდება. თუ ბიოფსიაა გასაკეთებელი, გასტროსკოპია 5-7 წუთი გრძელდება, სხვა შემთხვევაში კი - მხოლოდ 4-5 წუთი.

თანამედროვე მედიცინის დამსახურებით, ეს კვლევა ბევრად უფრო გამარტივებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული ენდოსკოპის დიამეტრი 1 სმ-მდეა შემცირებული. ის არის ფიბროდრეკადი და არ არის ხისტი.

აპარატურა სამედიცინო თვალსაზრისითაც უფრო დახვეწილია. მასში ინტეგრირებულია რეჟიმები, რომლებიც ზუსტ დიაგნოსტიკაში გვეხმარება. დეტალურად ვაფასებთ სისხლძარღვოვან სტრუქტურას და ლორწოვანის რელიეფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასტროსკოპია ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით ყელში სპეციალური მედიკამენტის შესხურებით, ასევე ინტრავენური სედაციით.

სამედიცინო თვალსაზრისით, არის თუ არა განსხვავება ვენური და ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთებულ გასტროსკოპიას შორის?

ვენური ანესთეზიით ჩატარებული კვლევა ისევე სრულ სურათს გვაძლევს, როგორც ადგილობრივი ანესთეზიით. ამ საკითხის გადაწყვეტა ექიმსა და თავად პაციენტზეა დამოკიდებული. ექიმი რეკომენდაციას აძლევს, როგორც კონკრეტული ჩვენების, ისე უბრალოდ მოჭარბებული ფსიქოემოციური მდგომარეობის დროს. სრული მითია, რომ ვენური ანესთეზიის დროს არასრული სურათი მიიღება. პირიქით, ამ დროს პაციენტი მშვიდადაა და ექიმს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა აქვს.

როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?

გასტროსკოპიის დროს პაციენტი უნდა იყოს უზმოდ. 10-16 საათით ადრე უნდა მოხდეს ბოლო კვება. სითხე კი 4-5 საათით ადრე უნდა დალიოს. სხვა ტიპის მომზადება ამ კვლევას არ სჭირდება.

სასურველია თუ არა გასტროსკოპიის გეგმურად, პროფილაქტიკისთვის ჩატარება?

თანამედროვე ცხოვრების და კვების რეჟიმიდან გამომდინარე, გასტროსკოპია საპროფილაქტიკო კვლევების ნაწილია. 30 წელს ზემოთ ადამიანებისთვის 2-3 წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია გასტროსკოპიის ჩატარება. ამ დროს სხვადასხვა დაავადების გართულების პრევენციაა შესაძლებელი.

R