ავტორი:

"კანონი სასწრაფოდ ამოქმედდება და პირველი შეტევა იქნება მედიაზე, შემდეგ ეს გადავა სამოქალაქო სექტორზე... "ოცნება" ყველაფრისთვის მზადაა, ის გავიდა ყველა ჩარჩოდან" - პოლიტოლოგი

"კანონი სასწრაფოდ ამოქმედდება და პირველი შეტევა იქნება მედიაზე, შემდეგ ეს გადავა სამოქალაქო სექტორზე... "ოცნება" ყველაფრისთვის მზადაა, ის გავიდა ყველა ჩარჩოდან" - პოლიტოლოგი

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება.

  • კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს.

თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"რაც მოხდა, ვეტო რომ დაიძლეოდა, მოსალოდნელი იყო. "ქართული ოცნება" წავიდა არა სუვერენიტეტის, არამედ იზოლაციისკენ - ქვეყანა შეჰყავს ცივილური სამყაროდან იზოლაციის პროცესში. ეს პროცესი ასე არ და ვერ გაგრძელდება, უნდა გვეყოს იმის მოთმინება და გამძლეობა, რომ მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდეს, უნდა გვეყოს იმის გამძლეობა და მოთმინება, რომ ამ პროტესტმა კულმინაციას არჩევნების დროს მიაღწიოს. ამასობაში ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთება, მათ შორის ისიც ნათელი გახდება საზოგადოებისთვის, რატომ მიიღეს ასე სწრაფად ეს კანონი. დარწმუნებული ვარ, ეს კანონი სასწრაფოდ ამოქმედდება და პირველი შეტევა იქნება მედიაზე, პირველ რიგში ალბათ ოპოზიციურ პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრება საფრთხე, შემდეგ ეს გადავა სამოქალაქო სექტორზე და დაიწყება მარტივი მოთხოვნით, რომ მათ სასწრაფოდ გაიარონ რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად, ანუ დაირქვან უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლის სახელი.

სხვათა შორის, ეს მართლაც საფიქრალია, რა უნდა ხელისუფლებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციებმა არჩევნებამდე ფუნქციონირების უფლება შეინარჩუნონ. "ოცნებას" ქვეყანა არა მარტო გარე იზოლაციისკენ მიჰყავს, არამედ პარალელურად უნდა, რომ საზოგადოებაში არ იყოს არავინ მთქმელი იმისა, რას და როგორ აკეთებენ და რა თქმა უნდა, არჩევნები არის ძირითადი პუნქტი, რისკენაც მიდის ხელისუფლება. აქეთკენ უნდა წავიდეს ოპოზიციაც. როგორც კი ამის მოთხოვნა დადგება, მაშინვე უნდა შეიკრიბოს არასამთავრობო სექტორი და მიიღოს გადაწყვეტილება. მათ ხომ „ოცნება“ ისედაც აგენტებს უძახის, თავისი პროპაგანდის საშუალებებით მუდმივად ლაპარაკია იმაზე, რომ ესენი არიან უცხო ქვეყნის აგენტები. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, უარს იტყვიან, ამ სახელს რადგან არ დაირქმევენ და მათ, შესაბამისად, გაუუქმდებათ რეგისტრაცია, საარჩევნო კომისია მათ ხომ არ დაარეგისტრირებს? ამიტომ აქ ემოციური კი არა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები - არჩევნებამდე თუ ამის მკაცრი და იძულებითი მოთხოვნა იქნება, არასამთავრობოები უნდა დარეგისტრირდნენ, არჩევნების შემდეგ კი გააუქმონ, ან საერთოდ კანონი უნდა გაუქმდეს.

"ქართულ ოცნებას" სწადია არჩევნებისთვის მოახრჩოს არასამთავრობო სექტორი, მედია და მოისუფთაოს ველი. ამიტომ არ უნდა მისცენ ამის საშუალება, რადგან კანონი ავალდებულებს, არა უშავს, დაირქვან უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები, მთელ საზოგადოებას ხომ ეცოდინება, ვინ არიან ისინი, საზოგადოების თვალში მაინც არასამთავრობოებად დარჩებიან, ხელისუფლებას კი არ მისცემენ იმის „კანონიერი“ მოქმედების საშუალებას, რომ ისინი გააუქმოს. ფინანსური შემოწმებები თუ დაიწყება, ეს გამოაჩენს იმას, სინამდვილეში რა უნდოდა „ქართულ ოცნებას“ და ეს ყველაფერი პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მეორე მხარეა, ეს კანონი კი მიიღეს, მაგრამ ის სასწრაფოდ უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ არის შესაძლებლობა, ის პირდაპირ გასაჩივრდეს ევროპულ სასამართლოში და უთხრან, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ ამ კანონის შესაბამისობა.

ასეთი მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთ. პარალელურად, ზაფხული მოდის, ვიცით, რომ პოლიტიკური პროცესი ზაფხულში მკვდარია, მაგრამ უნდა შევძლოთ, სექტემბრიდან ყველაფერი განახლდეს და არჩევნებამდე მივიდეთ ხაზგასმულად მშვიდობიანი პროტესტით, რადგან „ოცნება“ ერთის მხრივ ფიქრობს ამ კანონით ველი მოასუფთაოს, მეორე ხელით მუხტი ჩააცხროს და ნებისმიერი ზედმეტად აქტიური პროტესტი გამოიყენოს იმისთვის, რომ დაატრიალოს იგივე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წლის 26 მაისს, ის ამისთვისაც მზადაა. "ოცნება" ყველაფრისთვის მზადაა, ის გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს ყველაფერი პირველ რიგში ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას. ჩვენ თუ იზოლაციაში ვექცევით, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, უფრო მეტად საკბილო ვხდებით რუსეთისთვის, ვიდრე სხვა. კრემლიდან მიიღეს ეს ბრძანება, თუ ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ, შედეგი ხომ ერთია - ჩვენ ვრჩებით რუსეთის პირისპირ. ამას მოჰყვება ის, რომ იგივე მოლაპარაკებები დაიხურება, მაგ. ჟენევის ფორმატი, ამას მოჰყვება ის, რომ ინვესტიცია, რაც დასავლეთიდან შემოდიოდა, შეჩერდება, ამას მოჰყვება სოციალური და ეკონომიკური ვითარების გაუარესება... ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდობიანად.

პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" რაც შეეხება, ცოტა დაუხვეწავია მაგრამ კარგია იმისთვის, რომ დასავლეთთან კავშირი შევინარჩუნოთ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით და საერთოდ არ ჩაიხერგოს პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობა, მართლაც სრულ იზოლაციაში არ აღმოვჩნდეთ (რაც აშკარად გვემუქრება). არჩევნებში „ოცნება“ თუ გაიმარჯვებს, ჩათვალეთ, რომ საქართველო სრულ იზოლაციაში მოხვდება, მაგრამ ახლა მაინც პრეზიდენტის საშუალებით შევინარჩუნებთ კავშირს დასავლეთთან და ვეტყვით, რომ ისევ ერთგულნი ვართ იმ ღირებულებების, რა ღირებულებებზეც გვქონდა აქცენტი გაკეთებული, თუნდაც იმ ცხრა პუნქტის რეალური შესრულებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი ბევრ ხარვეზს შეიცავს და მისით ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა თითქმის შეუძლებელია (იმდენად ღრმად ვართ ამ ჭაობში, დრო უნდა და დეტალური გეგმა). მარტო „ოცნების“ შეცვლა და კოალიციური მთავრობის მოსვლა ამისთვის საკმარისი არ არის - ყველა წინამორბედი ხელისუფალი (შევარდნაძეც, მიშაც, „ოცნებაც“) კოალიციით მოვიდა, მაგრამ ამან არ უშველა, თუმცა პირველი ოთხწლიანი პერიოდები იყო მეტ-ნაკლებად თავისუფალი და დემოკრატიული. ამიტომ ეს ცვლილებები კარგი იქნება, თუ გაკეთდა, იზოლაციას თავს აშკარად დავარწევთ და 2. დასავლეთთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. დღეს „ქართული აქტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა შევინარჩუნოთ“.

წაიკითხეთ ასევე: