ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს.
"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. როგორც არაერთგზის აღინიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს.
გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის უსუსური მდგომარეობა ამ ფაქტის კიდევ ერთი უტყუარი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას. შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არსებობდეს", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
"საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას ჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ტიპის ზომების მიღება თავად გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისთვის იქნება კონტრპროდუქტიული.
"სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ საზოგადოებას, ქვეყნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თავად იმ სუბიექტისთვის, რომელიც შესაძლოა, ასეთ რამეზე ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“,- განაცხადა კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: