ავტორი:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიღებულია - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიღებულია - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

  • თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.