ავტორი:

რომელი პოლიტიკური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას"

რომელი პოლიტიკური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას"

პარტია "ახალი" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ხელს მოაწერს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით.

"ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.

პარტია "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ლელო“ უერთდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, "ქართული ქარტიას“. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, "ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, "ქართული ქარტიას“ შეუერთდება.

მისივე თქმით,დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს.

“მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ გზავნილს. იმის რეალურად დემონსტრირება, რომ გვაქვს კონკრეტული საერთო გეგმა აუცილებელ ნაბიჯებზე, ყველა განსხვავების მიუხედავად ზუსტად ისაა, რასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად ითხოვდა. ზუსტი გზავნილი იყო, რომ ეს არ ნიშნავს ერთმანეთში ათქვეფას, არ იყოს მნიშვნელოვან საკითხებზე კამათი, ყველა ერთ ყულაბაში აღმოჩნდეს, რაც მმართველ რეჟიმს გაუადვილებდა პროპაგანდას - არა! ეს ნიშნავს იმის დემონსტრირებას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა. ე.ი. ქმედითი იქნება ის კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია, რაც ხალხის ნების გამოხატვის შედეგად შედგება”, - აღნიშნა ბოკერიამ.

"საბოლოო კონსულტაციებს გავივლი. მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიაზე“.- გიორგი ვაშაძე

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რომ დიდი აღმშენებლობა დაიწყოს.

"ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული ერთიანობა იქ არის, ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ, რომ ქვეყნის დიდი აღმშენებლობა დავიწყოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

"შემიძლია განვაცხადო, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები ამ ინიციატივას - სრულიად ვიზიარებ "ქართულ ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს, - ამის შესახებ "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ისტორიულ როლს ასრულებს, რადგან "ეს იყო ძალიან დროული, აუცილებელი ხედვა და გეგმა, რომელსაც ელოდებოდა საქართველოს ყველა მოქალაქე“.

"რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს არის ის, რაც ჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს - სიცხადე, გზა პოლიტიკური ცვლილების და რისთვის ხდება ცვლილება. პრეზიდენტმა აიღო ინიციატივა, რასაც მე ძალიან ვაფასებ, ფაქტობრივად ისტორიულ როლს ასრულებს. რაც მთავარია პასუხობს არა რომელიმე პარტიის ინტერესებს, არამედ მოქალაქეების ინტერესებს."- ელენე ხოშტარია.

პრეზიდენტის ინიციატივას ასევე უერთდება “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას“, - წერია განცხადებაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” უერთდება.

განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც "ქართული ქარტია“ ჰქვია და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.