ავტორი:

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს: რა წერია დოკუმენტში

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს: რა წერია დოკუმენტში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

  • პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის ქარტიაში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში, ხელმოსაწერად სთავაზობს.

“გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. შევადგინე და წარმოგიდგენთ ქართულ ქარტიას.

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას,რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში.

ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად რეფერენდუმი იქნება, სადაც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: "გვინდა თუ არა ევროპა“?

"საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით ეს რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე,რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.

დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას, ე.ი. ევროპულ მომავალს“, - განახადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ შერჩეული იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით.

"ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ ეს იქნება საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ქარტიის ტექსტი

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება

დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა.

ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამნისტია.

მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

სასამართლოს გათავისუფლება

გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;

შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;

შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;

შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;

სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;

მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:

ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:

დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;

ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;

იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;

ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.

საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.

რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას

გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით

საპროკურორო საბჭო გაძლიერდება

სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

ანტიკორუფციულ სააგენტოს

გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით.

სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

ეროვნულ ბანკს

დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.

გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

მარეგულირებელ ორგანოებს

გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.

საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შეიქმნება სათანადო პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ”, - ნათქვამია ქარტიაში.