"გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას.
"ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია, მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღშიც, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.
ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი, ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები? ხომ ვიცით, ვინ გვჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში? ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ? ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონდე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა? ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომაა ასახული ჩვენს კონსტიტუციაში საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია უალტერნატივო მომავალი’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.