ავტორი:

"ჩემს გადაღებულ ფოტოზე ამბობენ, რომ ფოტოშოპია და ჩამატებულია ერთი და იგივე გოგო ბევრგან" - ფოტოგრაფი, რომელიც აქციების ფოტომემატიანედ იქცა: ვინ არის ეზ გაბერი?

"ჩემს გადაღებულ ფოტოზე ამბობენ, რომ ფოტოშოპია და ჩამატებულია ერთი და იგივე გოგო ბევრგან" - ფოტოგრაფი, რომელიც აქციების ფოტომემატიანედ იქცა: ვინ არის ეზ გაბერი?

გუშინ თბილისში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია-მსვლელობა იმართება. მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მივიდნენ. პროტესტის გუშინდელი ლოკაცია სწორედ გომელაურის უწყება იყო. გუშინ საღამოს უამრავი ფოტო გავრცელდა, სადაც გადაჭედილი სანაპირო იყო აღბეჭდილი. ერთი-ერთი ასეთი ფოტოს გარშემო გარკვეული აჟიოტაჟი ატყდა და სოცქსელის მომხმარებლების ნაწილი წერდა, რომ ის ფოტოშოპით იყო გაკეთებული, იქ მყოფი ხალხი კი "ჩასმული".

ფოტოს ავტორი, ეგვიპტელი ფოტოგრაფი ეზ გაბერი "ფეისბუქზე" წერს, რომ ფოტო ნამდვილია და არანაირი ფოტოშოპი იქ გამოყენებული არ არის:

"ჩემს გადაღებულ ფოტოზე ამბობენ, რომ ფოტოშოპია და ჩამატებულია ერთი და იგივე გოგო ბევრგან. დააკვირდით არის ეს ერთი და იგივე გოგო?)) მე არ ვარ ის პიროვნება რომ ფოტოშოპი ვაკეთო!" - წერს ეზ გაბერი.

ეგვიპტელი ფოტოგრაფის ფოტოები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ახალგაზრდა თითქმის ყველა მიმდინარე აქციას და მნიშვნელოვან მოვლენას იღებს და სოცქსელში ტვირთავს. მას თავისუფლად შეგვიძლია ბოლოდროინდელი აქციების ფოტომემატიანეც კი ვუწოდოთ.

11 მაისის აქცია "ევროპის მოედანზე"

ვინ არის ეზ გაბერი?

32 წლის ფოტოგრაფი 6 წელზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. მის სოციალურ ქსელში ნახავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს. ჟურნალი OK ეზ გაბერთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გვთავაზობს. ირკვევა, რომ ფოტოგრაფიის გარდა, ტურიზმითა და მარკეტინგითაც არის დაინტერესებული.

- აქციების გარდა, საქართველოში კიდევ რას იღებთ?

გარდა აქციებისა, დაინტერესებული ვარ საქართველოს ბუნებისა და ღირსშესანიშნაობის გადაღებით სხვადასხვა კუთხიდან.

თუშეთი

- გაგიჭირდათ თუ არა ფოტოების გადაღება აქციიდან?

ფოტოგრაფიას ნიჭი და კრეატიული ხედვა სჭირდება. კარგი კადრის გადასაღებად სისხარტეა საჭირო. აქციებიდან ფოტოების გადაღება ცოტა რთული იყო, შესაძლოა იმიტომ, რომ უცხოელი ვიყავი. თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველები ჩემს გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე საუბრობენ.

- თქვენ როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე?

ძალიან რთულია ახლა საქართველოში ვითარება. მინდა, საქართველო ერთიანი და უსაფრთხო ქვეყანა იყო. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

სრულ ინტერვიუს ნახავთ OK-ში