ავტორი:

"რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც... ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს" -  საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი

"რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც... ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს" -  საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი - ნუ იჩქარებთ ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატის იარლიყის მიწებებას - ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი

ნუ იჩქარებთ ჩემი გადაწყვეტილების გამო მოღალატის იარლიყის მიწებებას - ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი წერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა.

როგორც ჯავახიშვილი აცხადებს, მას ეს ნაბიჯი სწორედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადადა.

ჯავახიშვილის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

"არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც.

ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს - ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას განცდა, რომ მის გარეშე ვერ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, პატრიოტიზმის საკუთარი ხატება შექმნას და ერთადერთ, უალტერნატივო იდეოლოგიად წარმოადგინოს.

პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ხშირად ასე ხდება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ჩვენში კი დღემდე უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი.

ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად საქმიანობა. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან თავგამოდებული მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დიპლომატმაც და სახელმწიფო მოხელემაც უპირატესად სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას და თუ საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად, იმ პოლიტიკური ძალების ამბიციებისგანაც, ვინც სახელმწიფოს მართვის სადავეებთანაა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც და არც სამომავლოდ ვართ ძალაუფლების ცუდებისგან დაზღვეული.

შესაძლოა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ, ჩემს სამშობლოზე უპირატესი არაფერი მეგულება ამ ქვეყნად. არც არანაირი თანამდებობა და არც პრივილეგიები ღირს საკუთარი მრწამსის, პრინციპების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

ნუ იჩქარებთ მოღალატის იარლიყის მიწებებას ჩემი გადაწყვეტილების გამო. ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს. მე კი სწორედაც ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე.

და ვისაც ჩემი გადაწყვეტილების გამო რცხვენია და შეურაცხყოფილად გრძნობს (თურმე) თავს, სხვას ვერაფერს გეტყვით, მთავარია საკუთარ სინდისთან იყავით მართალნი, მე იმ მეგობრობით ვიამაყებ, რაც აქამდე მაკავშირებდა თქვენთან“, - წერს გოჩა ჯავახიშვილი.