"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - წერს წილოსანი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.