დონალდ ტრამპის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას შეძლებს, რომელიც რუსეთშია დაპატიმრებული. მოსკოვი უარყოფს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჰქონდათ რესპუბლიკელ კანდიდატთან.
"ევან გერშკოვიჩს, Wall street journal-ის რეპორტიორს, რომელიც რუსეთშია დაპატიმრებული, არჩევნების შემდეგ მალევე გაათავისუფლებენ, თუ საქმიანობას მე შევუდგები. ის დაბრუნდება სახლში უსაფრთხოდ და იქნება თავის ოჯახთან ერთად", – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ტრამპი.
ტრამპს არ უხსენებია პუტინთან ან ზოგადად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტი და არ განუმარტავს, რა მიზეზით უნდა მოელოდეს რუსეთის პრეზიდენტისგან მსგავს კეთილგანწყობას. ტრამპის კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა, Reuters-ს განუცხადა: "მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკება ბატონ გერშკოვიჩის ოჯახში უსაფრთხო დაბრუნებაზე. ის პრეზიდენტი ტრამპია".
2016 წლიდან მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი ტრამპს ფარულად უჭერს მხარს. თავად ამაზე ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა და უარყოფდა შეთქმულების თეორიას.
პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება 2017 წლიდან 2019 წლამდე გაგრძელდა და ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება ტრამპსა და რუსეთს შორის შეთქმულების შესახებ (პროკურორმა აღიარა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის შესაბამისად, მას არ შეეძლო და ვერ გამოიძია მაშინდელი პრეზიდენტის საქმიანობა). თუმცა, მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში (თუმცა მოსკოვიც ამას დღემდე უარყოფს).
ტრამპის ამ განცხადებაზე კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
Wall street journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ ის გახდა პირველი დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. თავად და მისი დამსაქმებელი, ასევე აშშ-ის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს. ბაიდენის ადმინისტრაციამ გერშკოვიჩი შეიყვანა "არასწორად დაკავებული ადამიანების" სიაში, რაც ფაქტობრივად იგივეა რაც მძევლად აყვანა.
2023 წლის მიწურულს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მან ერთგვარი შეთავაზება გაუკეთა რუსეთს გერშკოვიჩის გათავისუფლების სანაცვლოდ. სავარაუდოდ ეს იყო პატიმრების გაცვლის ნაწილი, მაგრამ მოსკოვმა უარყო.
როგორც რუსეთის FSB-მ დაკავების შემდეგ განაცხადა, ჟურნალისტმა, „ამერიკის მხარის მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.
FSB-მ განაცხადა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი ეკატერინბურგში "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისას" დააკავეს.