ავტორი:

ფემიციდის მორიგი შემთხვევა - ზუგდიდში ქმარმა ცოლი მოკლა: არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა

ფემიციდის მორიგი შემთხვევა - ზუგდიდში ქმარმა ცოლი მოკლა: არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

  • გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივის ინფორმაციით, ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს - 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს".