რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, საქმე ეხება სავარაუდო თაღლითობას. ჩხრეკა ჩატარდა მაღალჩინოსნის სახლში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ ვადიმ შამარინის მიმართ წაყენებული ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი, იური კუზნეცოვი დააკავეს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვი დანიშნა.