კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც კრიტიკის ობიექტი გახდა, განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი ოჯახის წევრები კანის კინოფესტივალზე საკუთარი ხარჯებით წაიყვანა.
"სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი. ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად.
ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე.
ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხომ არ დაიხარჯა ბავშვებზე თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად.
რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიციონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ" - წერს ბაჩო ოდიშარია "ფეისბუქზე".