Singapore Airlines-ის რეისმა, რომელიც ლონდონიდან სინგაპურში მიემგზავრებოდა, ტურბულენტობის გამო, უსაფრთხო დაშვება ვერ მოახერხა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
Boeing 777-ის ბორტზე მყოფმა პირებმა განაცხადეს, რომ ვარდნამდე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშნები არ ყოფილა.
"ყველა მგზავრი, ვისაც ღვედი არ ჰქონდა შეკრული, მაშინვე თვითმფრინავის ჭერს მიენარცხა. ზოგიერთმა ბარგის კაბინას მიარტყა თავი, ზოგი კი განათებისა და სასუნთქი ნიღბების სათავსოს შეეჯახა",- უყვება BBC-ის 28 წლის მგზავრი, ძაფრან აზმირი.
"ეკიპაჟი და საპირფარეშოში მყოფი ხალხი ყველაზე მეტად დაშავდა. როცა ისინი ვნახეთ, უბრალოდ, ძირს იწვნენ და ადგომა აღარ შეეძლოთ. ძალიან ბევრ ადამიანს ხერხემლისა და თავის არეში აქვს დაზიანებები",- დასძინა აზმირმა.
კიდევ ერთმა მგზავრმა, ენდრიუ დევისმა ისიც გაიხსენა, როგორ ცდილობდნენ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები სხვა მგზავრების დახმარებას.
ბორტზე დაღუპული 73 წლის ბრიტანელი მამაკაცი ჯოფ ქიჩენია, რომელიც ბორტზე ყოფნისას გულის შეტევით გარდაიცვალა.
"მგზავრების ნივთები ძირს იყო მიმოფანტული, ყავა და წყალი ჭერში აისხა. იმდენი დაშავებული იყო... ზოგს თავის არეში ჰქონდა ჭრილობა, ზოგს კი ყურებიდან სდიოდა სისხლი",- ჰყვება მედიასთან დევისი.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, როგორ ებღაუჭებიან მგზავრები თავიანთ სავარძლებს და როგორ სდის ცხვირიდან სისხლი ბორტგამცილებელს ტურბულენტობის შემდეგ.
"აგონიაში მყოფი ადამიანების განწირული კივილი ისმოდა, ეს ჯოჯოხეთური წუთები იყო", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
თვითმფრინავი ბანგკოკში ავარიულად დაეშვა. შემთხვევის დროს ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა