ორშაბათს, სუპერვულკანის კამპი ფლეგრეის გარშემო 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ქალაქ პოცუოლის ინფრასტრუქტურა. იტალიის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
INGV-ის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, კამპი ფლეგრეის რაიონში 1252 მიწისძვრა დაფიქსირდა. უმეტესობა 1.0 მაგნიტუდაზე ნაკლები სიმძლავრის.
ექსპერტები ამბობენ, რომ გაზრდილი სეისმური აქტივობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ფენომენთან, რომელიც ცნობილია, როგორც ბრადისეიზმი - დედამიწის ზედაპირის ნაწილის თანდათანობითი ამაღლება (დადებითი ბრადისეიზმი) ან დადაბლება (უარყოფითი ბრადისეიზმი). ამჟამად წითელ ზონაში 500 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ვულკანი კამპი ფლეგრეი ("დამწვარი ველი“) სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოქმედი ვულკანია. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV) უკვე წლებია ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას.
2012 წლის დასაწყისიდან პოზუოლის რეგიონში ვულკანის ზედაპირი წელიწადში დაახლოებით 6 სმ-ით იზრდება, რადგან გაზი ზრდის წნევას მაგმაში, რაც იწვევს მიწის ზედაპირის გამობურცვას და დეფორმაციას - ეს კი ვულკანოლოგებს შეშფოთების საბაბს აძლევს.
"თუ ვულკანი ამოიფრქვევა, მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება, რომელმაც 79 წელს პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა", - ამბობენ ექსპერტები. თუმცა, იმის საფრთხეს, რომ ეს მალე მოხდება, მეცნიერები ჯერ ვერ ხედავენ. მათი აზრით, ვულკანს ამოფრქვევამდე კიდევ რამდენიმე ათწლეული სჭირდება - ამოფრქვევას შეიძლება წინ უსწრებდეს შედარებით სუსტი სიგნალები, როგორიცაა მიწის ამაღლება და მიწისძვრები.
კამპი ფლეგრეი სუპერვულკანების რიცხვს განეკუთვნება. ბოლოს იგი 485 წლის წინ, 1538 წელს ამოიფრქვა.