ავტორი:

"საუდის არაბეთში საცურაო კოსტიუმების ჩვენება ისტორიული მომენტია" - ნახევრად შიშველი მოდელები - ნამდვილი სენსაცია არაბულ ქვეყანაში (ფოტოები)

"საუდის არაბეთში საცურაო კოსტიუმების ჩვენება ისტორიული მომენტია" - ნახევრად შიშველი მოდელები - ნამდვილი სენსაცია არაბულ ქვეყანაში (ფოტოები)

საუდის არაბეთმა საცურაო კოსტიუმების პირველ ჩვენებას უმასპინძლა. ეს იყო ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილება ქვეყანაში, სადაც ქალები ჯერ კიდევ ჰიჯაბსა (თავსაბურავი) და აბაიას (გრძელი მანტია, რომელიც მთელ სხეულს ფარავს) ატარებენ.

მოდელების უმეტესობას ეცვა ერთიანი საცურაო კოსტიუმები, რომელიც მხრებსა და ფეხებს აჩენდა. მსგავსი ჩვენება და საცურაო კოსტიუმებით გამოჩენა რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთში წარმოუდგენელი იქნებოდა.

ღონისძიება წითელი ზღვის პირველი მოდის კვირეულის მეორე დღეს, სასტუმრო St. Regis Red Sea Resort-ში, აუზთან გაიმართა

შოუს მთავარი მოვლენა მაროკოელი დიზაინერის იასმინა კანზალის კოლექცია აღმოჩნდა, რომელშიც წარმოდგენილი იყო საცურაო კოსტიუმების ხაზი.

"მართალია, ეს ქვეყანა ძალიან კონსერვატიულია, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა ელეგანტური საცურაო კოსტიუმი, რომელიც წარმოადგენს არაბულ სამყაროს“, - განუცხადა კანზალმა AFP-ს.

"როდესაც აქ მოვედით, მივხვდით, რომ საუდის არაბეთში საცურაო კოსტიუმების ჩვენება ისტორიული მომენტია, რადგან ასეთი ღონისძიება პირველად იმართება“, - დასძინა მან.

ბოლო წლებში მოდის ინდუსტრია საუდის არაბეთში სწრაფად იზრდება. საუდის არაბეთის მოდის კომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, 2022 წელს ინდუსტრიამ 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მშპ-ს 1,4%-ია. დასაქმდა 230 000 ადამიანი.

2017 წელს მემკვიდრედ პრინცის ბინ სალმანის დასახელების შემდეგ, ახალგაზრდა მონარქი სათავეში ჩაუდგა საუდის არაბეთის საზოგადოების მოდერნიზაციის რამდენიმე ინიციატივას, მათ შორის, კინოთეატრების გახსნას და შერეული გენდერული მუსიკის ფესტივალების ორგანიზებას.

ყველა ეს რეფორმა, ერთად აღებული, მუჰამედ ბინ სალმანის გრძელვადიანი პროექტის ნაწილია. მას სურს შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობზე, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და სექტორების ხელშეწყობის გზით. მისი მიზანია ქვეყანაში ტექნოლოგიების, ტურიზმის, სპორტის, გართობისა და მოდის ინდუსტრიის განვითარება.

გეგმა მოიცავს უამრავ სოციალურ რეფორმას, რომელიც შექმნილია სამეფოს ზოგიერთი მკაცრი კულტურული ნორმის ლიბერალიზაციისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბინ სალმანი ერთგვარ რეფორმატორად აღიქმება, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ მან პირადად გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება. დანაშაული სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წელს მოხდა.

59 წლის ჟურნალისტი ოდესღაც საუდის არაბეთის მრჩეველი და სამეფო ოჯახის ახლობელი იყო, თუმცა, 2017 წელს ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გადასახლდა. მას შემდეგ მან Washington Post-ში არაერთი სვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუდის არაბეთის ხელისუფლების და უშუალოდ პრინც მუჰამედის პოლიტიკას აკრიტიკებდა.