19 მაისს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. 63 წლის იბრაჰიმი 2021 წლიდან იკავებდა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობას. მას ქვეყნის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მომავალ მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ.
BBC-მ გაიხსენა იბრაჰიმ რაისის ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.
პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრამდე იბრაჰიმ რაისს ირანელების უმეტესობა არ იცნობდა.
იმ დროისთვის 56 წლის კონსერვატიულ სასულიერო პირს ისლამური სამართლის დოქტორის ხარისხი ჰქონდა. მიუხედავად სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობებისა, მას ნაკლებად იცნობდნენ.
ირანის მომავალი პრეზიდენტი ქალაქ მაშჰადში, 1960 წელს დაიბადა. 15 წლის ასაკში ჩაირიცხა ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ რელიგიურ სემინარიაში. 5 წელიწადში, ისლამური რევოლუციის შემდეგ მუშაობა დაიწყო სასამართლოში.
25 წლის რაისი თეირანის პროკურორის მოადგილედ აირჩიეს. მოგვიანებით კი სასამართლოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
1988 წელს რაისი იყო იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც ე.წ. სიკვდილის კომისიებში იკავებდნენ ადგილს. ამ კომისიებმა ათასობით დაპატიმრებულ ოპოზიციონერს განაჩენი გამოუტანეს და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ციხეებში სიკვდილით დასაჯეს.
ეს მასშტაბური სიკვდილით დასჯა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა ირანის პოსტრევოლუციურ ისტორიაში და ოფიციალურად არასოდეს გამოუძიებიათ.
ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა საზოგადოების ნაწილი შოკში ჩააგდო, როდესაც ტელევიზიით წინასაარჩევნო დებატების დროს, ეს საკითხი წამოჭრა და და გამოძიება მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ როჰანის განცხადებას ოფიციალურად გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამ თემამ გამოიწვია მწვავე და ემოციური დებატები სოციალურ მედიაში. აღმოჩნდა, რომ მომხდარის შესახებ ირანელი ახალგაზრდების ნაწილმა პირველად გაიგო.
თავისი კარიერის განმავლობაში, იბრაჰიმ რაისი ახლო ურთიერთობაში იყო ირანის კონსერვატიული ელიტის წევრებთან. ის სწავლობდა ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელმძღვანელობით და ახლოს იყო ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მთავარ ფიგურებთან.
2016 წლის მარტში რაისი დაინიშნა ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მდიდარი რელიგიური ფონდის, "ასტან ყუდს რაზავის“ ხელმძღვანელად. ფონდის მოვალეობაში შედიოდა ქვეყნის უწმინდესი შიიტური სალოცავის ზედამხედველობა ქალაქ მაშჰადში, იმამ რეზას მავზოლეუმში.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამ უზარმაზარი პრესტიჟი და გავლენა მოუტანა. ამბობდნენ, რომ რაისს უზენაესი ლიდერის მომავალ მემკვიდრედ ამზადებდნენ.
რაისი ასევე აირჩიეს ექსპერტთა ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარედ. ეს არის 88-კაციანი სასულიერო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შემდეგი უზენაესი ლიდერის არჩევაზე.
იბრაჰიმ რაისის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთი დეტალი წინა საარჩევნო კამპანიის დროს გახმაურდა. მისი მეუღლე ჯამილე ალამოლჰოდა თეირანის შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის პროფესორია, მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.
რაისიმ, საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, ამომრჩეველი ქალებისადმი მიმართვისას, რამდენჯერმე ახსენა თავისი ცოლი. ისაუბრა იმაზე, რომ მხარს უჭერდა მის სწავლას, რაც ხანდახან მზა საუზმის გარეშე დარჩენად უჯდებოდა...
ეს სიტყვები მხარდამჭერებმა დადებითად შეაფასეს, მაგრამ ოპონენტების მხრიდან დაცინვა მოჰყვა.
რაისის სიმამრი, აიათოლა აჰმად ალამოლჰოდა, მაშჰადში პარასკევის ლოცვების ლიდერია. ის ცნობილია თავისი ულტრაკონსერვატიული შეხედულებებით და ამბობს, რომ ქალაქში მუსიკალური კონცერტები არასოდეს უნდა გაიმართოს.
რაისი ნამდვილად არ იყო ქარიზმატული სპიკერი - 2021 წლის სატელევიზიო დებატებზე მისმა არადამაჯერებელმა საუბარმა ვერავინ მოხიბლა, მაგრამ Telegram-სა და Instagram-ზე მისი იმიჯის რეკლამირებამ ხალხი საარჩევნო ყუთებთან მასობრივად მიიყვანა.
მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რაისი თავს წარმოადგენდა "რიგითი ირანელების კანდიდატად", ადამიანად, რომელიც დაიცავდა ირანის რევოლუციის კონსერვატიულ ღირებულებებს, იზრუნებდა ღარიბებზე და გაჭირვებულებზე. გააუმჯობესებდა მათი ცხოვრების ხარისხს.
ეს ზუსტი გზავნილი აღმოჩნდა მილიონობით ირანელისთვის, რომლებსაც ბრძოლა უწევთ სიღარიბესთან, უმუშევრობასა და ინფლაციასთან. რაისის გზავნილები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ზომიერი ოპონენტების, რომლებიც ძირითადად რეფორმებსა და ცვლილებებზე ლაპარაკობდნენ.
ბოლო წლების განმავლობაში, იბრაჰიმ რაისი მუდმივად იჭერდა მკაცრ პოზიციას ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ.
2022 წლის აპრილში რაისიმ გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანის სამხედროების სამიზნე იქნებოდა, თუ ის ირანის მიმართ "მტრულ ნაბიჯს“ გადადგამდა.
იმავე წლის სექტემბერში ინტერვიუში დაგმო ისტორიული აბრაამის შეთანხმება (ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების ნორმალიზაციის ხელშეკრულებების სერია, რომელიც დონალდ ტრამპის შუამავლობით 2020-2021 წლებში გაფორმდა).
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაისიმ ხელი შეუწყო თეირანისა და მოსკოვის დაახლოებას, რასაც ირანიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება მოყვა.
რაისიმ დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში და დაადანაშაულა ისრაელი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში.
იბრაჰიმ რაისი ირანში ძალაუფლების მწვერვალთან ახლოს იყო და ბევრს სჯეროდა, რომ ის ამ მწვერვალზე ავიდოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
მისმა გარდაცვალებამ გასულ კვირას დაასრულა სპეკულაციები იმის თაობაზე, შეცვლიდა თუ არა ის 85 წლის აიათოლა ალი ხამენეის, რომლის ჯანმრთელობა დიდი ხანია გაუარესებულია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ირანის მკაცრი პრეზიდენტის ტრაგიკული ბედი არ შეცვლის ირანის პოლიტიკის მიმართულებას და მნიშვნელოვნად არ შეარყევს ისლამურ რესპუბლიკას. მაგრამ მისი სიკვდილი მაინც დიდი გამოცდაა სისტემისთვის, რომელშიც კონსერვატიული, ხისტი ლიდერები დომინირებენ ხელისუფლების ყველა შტოში.
იხილეთ ასევე: