ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის "უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ "მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს "რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს "საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ.
Politico წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც "აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების ძირის გამოთხრის ან დაზიანებისათვის“.
"როგორც "დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფის“ ძალისხმევის ნაწილი, კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო აკრძალვას პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკოსების ოჯახებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებაზე“, - წერს გამოცემა.
Politico-ს ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ხელი შეუშალეს "უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. "ხელისუფლებამ ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემითა და დაკავებით უპასუხა“, - წერს გამოცემა.
იხილეთ ასევე: