19 მაისს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელოვნების მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში გამოფენა, სახელწოდებით - "ლეონარდო და ვინჩის ნახატების ახალი საიდუმლოებები" დაიხურა. გამოფენა იმით იყო გამორჩეული, რომ თითქოს ორგანიზატორმა ლეონარდო და ვინჩის ორი აქამდე უცნობი ნახატი წარადგინა.
BBC წერს, რომ რეალურად სენსაციური არაფერი მომხდარა და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ლეონარდო ამ ნახატებს არც შეხებია...
ერმიტაჟში ცალკე დარბაზი აქვს დათმობილი ლეონარდო და ვინჩისა და მისი სტუდენტების ნამუშევრების კოლექციას, რომელიც სხვადასხვა დროს რუსეთის იმპერატორების მიერ არის შეგროვებული. კოლექციაში ინახება ლეონარდო და ვინჩის ორი ნახატი, რომლებიც ცნობილია როგორც "Benois Madonna" და "Madonna Litta". თუმცა ექსპერტები დღემდე კამათობენ "Madonna Litta"-ს ავთენტურობაზე.
გამოფენაზე, ლეონარდოს სახელთან დაკავშირებული ქრისტიანული კულტურის მუზეუმის კოლექციიდან ორი ნამუშევარი პირველად იყო წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე - ნახატები "ანგიარის ბრძოლა" და "კლდეთა მადონა".
"ქრისტიანული კულტურის მუზეუმის“ დირექტორი კონსტანტინე გოლოშჩაპოვია, რომელიც თავად ყიდულობს და მოაქვს ექსპონატები, პირადად უძღვება ტურებს საპატიო სტუმრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, პატრიარქი კირილი.
გოლოშჩაპოვი "ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია სანქტ-პეტერბურგში."
ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია. 2000-იან წლებში კონსტანტინე ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის საქმეთა მართვის ერთ-ერთ განყოფილებას და არკადი და ბორის როტენბერგებთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან ერთად დააარსა SMP Bank. პრესაში პოპულარული გახდა მეტსახელით "პუტინის მასაჟისტი.“ ის, სავარაუდოდ, მასაჟისტად მუშაობდა იმჟამად ლენინგრადის ძიუდოს განყოფილებაში, სადაც თავის დროზე პუტინი ვარჯიშობდა.
გოლოშჩაპოვის პირადი მუზეუმი შეიქმნა რელიგიური აქცენტით. მის პირად მფლობელობაში არსებულ ექსპონატებს შორისაა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილები, ერთ-ერთი განყოფილება კი ეძღვნება "წმინდა რუსეთს“.
BBC-მ მსოფლიოს სამ წამყვან ექსპერტს სთხოვა კომენტარის გაკეთება გამოფენაზე, რომელზეც თითქოს და ვინჩის უცნობი ნახატები იყო გამოფენილი. ისინი თანხმდებიან, რომ ერმიტაჟში ნაჩვენები ნახატები არ არის და ვინჩის ნამუშევრები.
იმისათვის, რომ ნახატი ლეონარდოს ნამუშევრად იყოს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს მოთხოვნებს და გაიაროს ხელოვნების ფუნდამენტური ისტორიული და ტექნიკური ანალიზი, ხაზგასმით აღნიშნა მარტინ კემპმა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა და ვინჩის ექსპერტმა და ოქსფორდის უნივერსიტეტის დამსახურებულმა პროფესორმა.
მათი აზრით, "ანგრიას ბრძოლა“ და "კლდეთა მადონა“ საინტერესო ასლებია, თუმცა არათანაბრად არის შესრულებული. მაგალითად, მარიამის სახე "კლდეთა მადონაში“ მე-19 საუკუნის ასლებს ჰგავს, თუმცა ნახატი მთლიანობაში მიმსგავსებულია ლუვრში არსებულ ორიგინალთან.
"ანგიარის ბრძოლასაც" ექსპერტები საინტერესო ასლს უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისი ზოგიერთი დეტალი უკიდურესად ცუდად არის შესრულებული.
"არცერთი სერიოზული მკვლევარი, ლეონარდოს ნაშრომის კვალიფიციური ექსპერტი, არ დაუჭერს მხარს ამ ნახატების ავთენტურობას. მე ვერ ვხედავ რაიმე მტკიცებულებას იმისას, რომ ლეონარდო ამ ნახატების შექმნაში მონაწილეობდა", - განუცხადა ექსპერტმა ზოლნერმა BBC-ს.
ფრანჩესკო კალიოტი, რენესანსის ხელოვნების ცნობილი კურატორი და პიზას Scuola Normale Supérieure-ის პროფესორი ეთანხმება ამ შეფასებას. მან ნახატებს "ლეონარდოს საინტერესო ძველი ვარიაციები" უწოდა, რომელიც მისი დონისგან ძალიან შორს არის.
"თუ ლეონარდოს და მის სახელოსნოს მივაწერთ მისი ნამუშევრების ყველა ასლს - უკვე ცნობილსა თუ ახლად აღმოჩენილს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელოსნო დღემდე არ დახურულა“, - ირონიულად ამბობს სპეციალისტი.
ერმიტაჟის თანამშრომლის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გამოფენის იდეა "ზემოდან მოვიდა და ეს იყო შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლებოდა.“
BBC-ის წყაროებმა გაიხსენეს 2020 წელი, როდესაც ერმიტაჟში ფაბერჟეს საიუველირო სახლის ფართომასშტაბიანი გამოფენა გაიხსნა. მოგვიანებით გამოფენა სკანდალში გაეხვა, რადგან მუზეუმი დაადანაშაულეს, რომ გამოფენილი ექსპონატები ყალბი იყო. როგორც ლეონარდო და ვინჩის გამოფენის შემთხვევაში, ექსპონატების ნაწილი ეკუთვნოდა კონსტანტინე გოლოშჩაპოვის "ქრისტიანული კულტურის მუზეუმს“.
ლეონარდოს მემკვიდრეობის მცველები შეშფოთებულნი არიან, რომ გოლოშჩაპოვთან დაკავშირებული ფონდები და ექსპერტები ცდილობენ ვინჩის ნამუშევრები ამ დისკუსიების ნაწილად აქციონ. წყარო