ავტორი:

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

მარტის თვეში იტალიაში ტრაგიკულად დაიღუპა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, 21 წლის გიორგი ჯანელიძე. მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც ტიკტოკერს, სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად ე.წ. მოჩვენებათა სოფელს - Reggio di Calabria - ს (ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს) ესტუმრა, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ახლახან, ქალაქ კალამატაში მისი სახელი ეწოდა სკვერს, ასევე, ქუჩას, რომელზეც გიორგი ცხოვრობდა.

უფრო მეტს გიორგის საქმიანობასა და ტრაგიკულ ბედზე მისი ბაბუა, თამაზ ბარბაქაძე გიამბობთ:

"მე და ჩემი მეუღლე 90-იან წლების ბოლოს წავედით ემიგრაციაში, საბერძნეთში 15 წელი დავყავით. იქიდან 2012 წელს, მას შემდეგ დავბრუნდით, რაც იმედი მომეცა, რომ ახალი და უკეთესი ცხოვრება დაიწყებოდა (მეუღლე ახლაც იქაა). ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შვილიც წავიყვანე თან, უფროსი გოგონა მეუღლესთან ერთად (გიორგის დედა), რომელიც ამჟამადაც საბერძნეთშია. იმხანად გიორგი სამტრედიაში ცხოვრობდა, 9 წლამდე იქ სწავლობდა და მშობლებმა მერე ისიც წაიყვანეს, იქ დაამთავრა სკოლა. გიორგი საბერძნეთში ცნობილი ტიკტოკერი და ფიტნესინსტრუქტორი, ძალიან სახელოვანი ბიჭი იყო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. თავიდან ძიუდოში ვარჯიშობდა, საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა, მერე კულტურიზმმა გაიტაცა. უამრავი გამომწერი ჰყავდა და ალბათ ამ მხრივ პირველი იყო ევროპაში. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ ჰყვარებიათ ბერძნებს, ეს მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ...

იმ საბედისწერო დღეზე გიამბობთ...

გიორგის ბერძნებისგან შემდგარი ხუთკაციანი ჯგუფი ჰყავდა იტალიაში წაყვანილი, მიტოვებულ სოფელში იყვნენ, რომელსაც სულების სოფელს უძახიან (ცნობილი ტურისტული სოფელია). გიორგი ტიკ-ტოკისთვის სიუჟეტს იღებდა, ძალიან დიდ სიმაღლეზე ავიდა, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, მეტეხთან დაკიდებული სახლები რომაა კლდეზე, ოღონდ, გაცილებით მაღლები, 100 მეტრამდე. გიორგი კამერებს ამონტაჟებდა, სახლის კარი გამოუღია, აივანი ჰგონებია და ფეხი პირდაპირ ჰაერში გადაუდგამს, ვერც ვერავის მოუსწრია, რომ ეშველათ. გიორგი კლდეზე გადაეშვა, 40 მეტრი აქვს ბავშვს ნაფრენი, ჯერ ლოდებზეა დაცემული, მერე ხევში გადაეშვა კიდევ სადღაც 80 მეტრის სიღრმეზე. იტალიელ მაშველებს 11 საათის განმავლობაში ამოჰყავდათ, ისეთი რთული რელიეფის ხევი იყო, ვერტმფრენები დაიხმარეს. იტალიისა და საბერძნეთის ტელევიზიებმა გიორგის გადაცემები მიუძღვნეს. ბერძნები გვეხვეწებოდნენ, იქ დაგვემარხა, უარი ვუთხარით და მერე გვთხოვდნენ, იტალიიდან ერთი დღით მაინც ჩამოასვენეთ და აქედან წაიყვანეთ საქართველოშიო. ვერ მოხერხდა... გიორგი იმ დღეს დავასაფლავეთ, როცა საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ეთამაშებოდა, ასე დაემთხვა. საბერძნეთიდან საქართველოში 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, მისი სასახლე მათ მიჰქონდათ სახლიდან სასაფლაომდე, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს.

გიორგის საბერძნეთი Tzane-თი იცნობდა (გვარის შემოკლებული ვერსია). ახლა ახალგაზრდები მისი სახელის ტატუს იკეთებენ. გარდაცვალების მეორე დღეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა სიმძიმის (შტანგის) აწევაში, ბერძენი გახდა ჩემპიონი და მან ეს გამარჯვება გიორგის მიუძღვნა. გიორგის სახელი დაარქვეს საბერძნეთში პატარა სკვერს, რომელიც მისი მოწყობილი იყო, ახლახან კი პატარა ქუჩა, სადაც ის ცხოვრობდა (ქალაქ კალამატაში) მისი სახელობის გახდა.

გიორგიმ დაახლოებით ერთი წლის წინ, ბერძენი გოგონა მოიყვანა ცოლად და ის გოგონაც იყო ჩამოსული, ფიქრობდნენ, ცხოვრებას აიწყობდნენ, მაგრამ...

სიამაყით ვივსები, როცა ჩემი შვილიშვილის მიმართ ამდენ სიყვარულს ვხედავ. ბერძენი ახალგაზრდები ჩემს ქალიშვილის - გიორგი დედას ისე უვლიან და ისეთ ყურადღებას აქცევენ. შვილი კი დაკარგე, მაგრამ მილიონობით ახალგაზრდა იპოვეო, - ეუბნებიან. დღე არ გავა, მისი სამეგობრო წრე არ მივიდეს და მოინახულოს.

საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი რა არის ემიგრაცია, გინდა თუ არ გინდა, ძირითადად ჩვენ იმ ქვეყანას ვემსახურებით, სადაც ვართ. გასაოცარი ისაა, რომ ეს პატარა ბიჭი 21 წლის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში არავის მსახური არ ყოფილა, პირიქით, იმხელა სიყვარული დათესა, იქეთ იმსახურა ხალხი. ჩვენ გიორგი ჩვეულებრივი კარგი ახალგაზრდა გვეგონა მარტო, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ამით ვაფასებდით. თურმე იმხელა სიკეთეს ატარებდა და სიყვარული დათესა... ეს ბერძნებმა დაინახეს ჩვენზე ადრე. გიორგი 5 სექტემბერს გახდა 21 წლის. რასაც შოულობდა (და ეტყობა არც ისე ცოტას), სახლში არც შეუტანია, სხვებს ეხმარებოდა, იმათ, ვისაც მაგ. სპორტში გადასახადის გადახდა არ შეეძლო, ან ჩემპიონატზე წასვლა. სულ სიკეთეში ხარჯავდა ფულს, რომ გაიგებდა ვიღაცა შეჯიბრებაზე მიდიოდა და არავინ აფინანსებდა, ეს ეხმარებოდა და უშვებდა. ამიტომაც უყვარდათ. ვიდეო მაქვს, სტადიონზე გამოდის, ჩემპიონი ხდება და მთელი სტადიონი სკანდირებს - ძანე, ძანე...

ეს რამხელა დაფასება და სიყვარული ჰქონია ჩემს გიორგის... დედას ეუბნებოდა, დედა, ცოტა მაცალე, მოვძლიერდები და დედოფალივით გაცხოვრებო.

თვითონ ფილოლოგი ვარ და სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი (114-ე სკოლაში, ნაძალადევში) 90-იან წლებამდე. რა მექნა, 4 შვილს პედაგოგის ხელფასით ვერ ვარჩენდი და გავზრდიდი, ძალიან გამიჭირდა, თან ოთხივენი ისეთ ასაკში იყვნენ, ბევრი სჭირდებოდათ და ავადსახსენებელ 90-იანებში იძულებული გავხდი, წავსულიყავით. ძალიან კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს, 12-დან 11 შვილიშვილი დამრჩა. მძიმე ემიგრაცია გავიარეთ, როცა ჩამოვედი, ვფიქრობდი, დამთავრდა ყველაფერი ცუდი-მეთქი და დამთავრდა კი არა, თურმე ახლა იწყება...