უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა და ჩვენ ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ საქართველოს მთავრობას. შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადავხედოთ გადაწყვეტილებებს და პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფებას. ევროკავშირმა ბევრი გააკეთა ამ კუთხით. გასული წლის ბოლოს ჩვენ მას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ შეასრულებდა 9 ნაბიჯს. მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ საქართველოს მთავრობას შემოაქვს კანონმდებლობა „უცხოური აგენტების შესახებ“ რაც სრულიად საპირისპირო გზაა. ეს არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს დიდი მეგობრები, როგორიცაა ლატვია, ესტონეთი, ლიეტუვა, ისლანდია, ჩავსულიყავით საქართველოში მესიჯის გასაგზავნად, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს, ნაჩუქარი არ არის, ვიზალიბერალიზაციაც ნაჩუქარი არ არის და ეს იყო ჩვენი ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ჩვენ საქართველოს მთავრობას გავუმეორეთ, რომ საქართველოს მართებული ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს დანაპირები“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
მისივე თქმით, ჰქონდათ შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან.
„საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასთან დაკავშირებით არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გზავნილი მივიდა საქართველოს მთავრობამდე და ის გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისთვის არ გვიჩუქებია, ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით ეკისრება საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.