ავტორი:

"ეს არ არის ფანტაზია, ეს რეალობაა" - რატომ უკავშირებს საფრანგეთის მთავრობა ახალ კალედონიაში მომხდარ არეულობას აზერბაიჯანს და როგორ პასუხობენ ბრალდებას აზერბაიჯანში?

"ეს არ არის ფანტაზია, ეს რეალობაა" - რატომ უკავშირებს საფრანგეთის მთავრობა ახალ კალედონიაში მომხდარ არეულობას აზერბაიჯანს და როგორ პასუხობენ ბრალდებას აზერბაიჯანში?

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ახალ კალედონიაში არეულობის უკან აზერბაიჯანი დგას, მიუხედავად მათ შორის არსებული გეოგრაფიული მანძილისა.

  • თავის მხრივ, აზერბაიჯანი უარყოფს საფრანგეთის ბრალდებას ახალ კალედონიაში არეულობაზე პასუხისმგებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბაქოსა და პარიზს შორის დაძაბულობის პირველი შემთხვევა. მანამდე საფრანგეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებდა, რომ დეზინფორმაციული კამპანიის უკან იდგა.

საფრანგეთის მთავრობა მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების ნაწილს თან ჰქონდა აზერბაიჯანის დროშა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი ღიად უჭერს მხარს სეპარატისტებს და გმობს საფრანგეთის მთავრობის მოქმედებებს.

"ეს არ არის ფანტაზია, ეს რეალობაა", - განუცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა France 2-ს, როდესაც ჰკითხეს, ერეოდა თუ არა აზერბაიჯანი, ჩინეთი და რუსეთი ახალ კალედონიაში ბოლო დროინდელი არეულობის საქმეში. "ვწუხვარ, რომ კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე ზოგიერთმა ლიდერმა დადო შეთანხმება აზერბაიჯანთან, ეს უდავოა“, - თქვა მან.

  • უფრო მეტი სიცხადისთვის - გავიგოთ რა მოხდა ახალ კალედონიაში?

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 351 ხმით 153-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესს გადადებს და ტერიტორიის მოსახლეობის წარმომადგენლებს პარიზში მიიწვევს, მოლაპარაკების გზით შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმება ივნისამდე უნდა მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცვლილებებს ხელს მოაწერს.

ამ ყველაფერს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის მთავრობამ კი ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

  • რას აცხადებენ საფრანგეთის მთავრობის ბრალდებაზე აზერბაიჯანში?

“ჩვენ სრულიად უარვყოფთ უსაფუძვლო ბრალდებებს და უარვყოფთ ყოველგვარ კავშირს კალედონიაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ლიდერებსა და აზერბაიჯანს შორის“, - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სურათებში ჩანს დამოუკიდებლობის მომხრე რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებსაც აცვიათ აზერბაიჯანის დროშის ფერებში მაისურები, ატარებენ აზერბაიჯანის დროშას.

საფრანგეთსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის დაძაბულობა ყარაბაღში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე დაიწყო. საფრანგეთი ქრისტიანული სომხეთის მოკავშირეა და ასევე ის არის დიდი სომხური დიასპორის სახლი.

  • როგორია აზერბაიჯანის ურთიერთობა კალედონიასთან?

აზერბაიჯანმა 2023 წლის ივლისში, კონფერენციაზე მიიწვია სეპარატისტები მარტინიკის, საფრანგეთის გვიანას, ახალი კალედონიის და საფრანგეთის პოლინეზიის ტერიტორიებიდან. კონფერენცია ბაქოში გაიმართა.

შეიქმნა "ბაქოს საინიციატივო ჯგუფი“ და როგორც "გარდიანი" წერს, მისი მიზანია, "საფრანგეთის განმათავისუფლებელი და ანტიკოლონიალისტური მოძრაობების მხარდაჭერა.

სწორედ ამ ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ კალედონიაში მცხოვრებ კანაკებს. "სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კანაკ მეგობრებს და მხარს ვუჭერთ მათ სამართლიან ბრძოლას“, - ნათქვამია ბაქოს საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.