ავტორი:

"მიცვალებული სახლში არ მიჰყავთ... გოგოს მამა ამბობს, ჩემი შვილი ციხეში მიდის და ის სახლში მოვასვენოო?" - ვინ არის გარდაბანში ძმის მიერ მოკლული ქალი: ბრალდებულის დაკავების კადრები

"მიცვალებული სახლში არ მიჰყავთ... გოგოს მამა ამბობს, ჩემი შვილი ციხეში მიდის და ის სახლში მოვასვენოო?" - ვინ არის გარდაბანში ძმის მიერ მოკლული ქალი: ბრალდებულის დაკავების კადრები

გუშინ გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.

"საკმაოდ შეძლებული ოჯახიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში სახლიდან წავიდა. ძმა დას ეძებდა, იმუქრებოდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. ისინიც ერიდებოდნენ, ძმა გოგონას დღეს გადაეყარა ქუჩაში, ჯერ მანქანა დააჯახა, მერე წაქცეულს 4-ჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა... ახლა ერთი პრობლემაა: გოგონას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ბიუროში უთხრეს, მიცვალებული წაიყვანეთო, მაგრამ არავის მიჰყავს - არც გოგოს ქმრის ოჯახს მიჰყავს და არც მშობლების ოჯახს. გოგოს მამა იძახის, ჩემი შვილი ციხეში მიდის და სახლში მოვასვენოო?“ - გვიყვება გარდაცვლილის თანასოფლელი.

ცოტა ხნის წინ შსს-მ უმძიმეს დანაშაულზე განცხადება და ბრალდებულის დაკავების კადრები გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. - ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.