"ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
"ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.
ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,"- აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
"ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი მატჩით 18 ივნისს დორტმუნდში გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ორივეს წარმატებას ვუსურვებ წინასწარ. ვიდრე დავასრულებ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს. დიდი მადლობა,"- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.