ავტორი:

შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?

შთამბეჭდავი უძრავი ქონება, ძვირადღირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნახატები, რომელთა შორის სტალინის შვილიშვილის ნამუშევარიც არის - რა ქონებს ფლობს დეპუტატი ბეჟან წაქაძე?

"სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა“, - ეს სიტყვები დეპუტატ ბეჟან წაქაძეს ეკუთვნის. ის ერთ-ერთია ოცნების 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც "გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

"ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“, - ამბობს ჟურნალისტებთან დეპუტატი.

მართალია, წაქაძისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი ოჯახი წავა თუ არა ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ მის შთამბეჭდავ ქონებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის კიდევ ერთი მილიონერი პოლიტიკოსია ბოლო მოწვევის პარლამენტში.

  • ბეჟან წაქაძის დეკლარაცია

დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის თებერვალში შეავსო. დოკუმენტში ოჯახის წევრებიდან მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე ნონა ბურკაძე. თუმცა ცნობილია, რომ წაქაძეს ერთი ვაჟი ჰყავს, ბიძინა წაქაძე, რომელიც სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული.

პოლიტიკოსის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლის ნონა ბურკაძის მფლობელობაშია ჩუქებით გადაცემული მიწის ნაკვეთი ვანის რაიონ ციხესულორში. ქალს ასევე 2023 წელს აჩუქეს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე 86 კვ.მ. დამხმარე ფართი, 142.8 კვ. მ. ტექნიკური მოხმარების ტერასა.

დეპუტატის მეუღლემ 2015 წელს ვანის რაიონ მუქედში 9910 კვ.მ. და 29 869 კვ.მ. მიწის ნაკვეთები შეიძინა. 2012 წელს კი თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სახელოსნო, რომელშიც 194 040 ლარი გადაიხადა. 2013 წელს 33 ათას ლარად, ჭავჭავაძეზე ავტოფარეხი იყიდა. 2012 წელს კი ორი ავტოფარეხი, ორივე თბილისში და ორივე ბოჭორიშვილის ქუჩაზე.

2012-2013 წლებში ქალბატონი ნონას ქონება გაიზარდა. 132 ათას ლარად ქალმა სოფელ წავკისში 993 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. იმავე წლებში 264 ათას ლარად ინგოროყვას ქუჩაზე 446.4. კვ ბინა და სამტრედიაში 105 600 ლარად კიდევ ერთი ბინა იყიდა.

2013 წელს ნონა ბურკაძემ 1 069 200 ლარად სოფელი წავკისში 325,87 კვ.მ. აგარაკი შეიძინა.

შთამბეჭდავი ქონებით მეუღლეს არც დეპუტატი ჩამორჩება. 2021 წელს ბეჟან წაქაძეს ზესტაფონის რაიონ მეორე სვირში 4301 კვ.მ. 1985 კვ.მ. 1210 კვ.მ. და 1215 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აჩუქეს, ხოლო იმავე სოფელში 2019 წელს წაქაძეს 1370 კვ.მ. მიწა აჩუქეს.

2013 წელს პოლიტიკოსმა ჭავჭავაძის გამზირზე როგორც ამხანაგობის დამფუძნებელმა 1 ლარად 94,6 კვ.მ. ბინა მიიღო.

2019 წელს დეპუტატმა მეორე სვირში მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე აგარაკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 100 000 ლარი დაუჯდა.

მეორე სვირში არსებულ ქონებას 2013 წელს წაქაძემ 500 კვ.მ. მიწა შემატა, რომელიც 3 ათას ლარად შეიძინა.

2005 წელს კი წაქაძეს მუხიანში 132 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართი აქვს შეძენილი.

ამომრჩეველთან შეხვედრისას

2016 წელს ბეჟან წაქაძე 2 673 000 ლარად თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 576.13 კვ.მ. ბინას ყიდულობს. 2015 წელსა კი 85 კვ.მ ბინას კიევში (უკრაინა). უცხოეთში არსებულ ქონებაში 825 000 ლარს იხდის.

2020 წელს წაქაძემ 1507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ წოდორეთშიც შეიძინა. ქონებაში 497 310 ლარი გადაიხადა. ამავე წელს ყიდულობს სამზარეულოს და დამხმარე ფართს, თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე დეპუტატი 100 კვ.მ-ში 132 000 ლარს იხდის.

წაქაძის ქონებას 2016 წელს წოდორეთის აგარაკიც შეემატა. დეპუტატმა ის 1 756 128 ლარად იყიდა.

დეპუტატის ქონება მდიდარია ფერწერული ტილოებით. შერპალოვის ნატურმორტი 2013 წელს 82 500 ლარად იყიდა, 2014 წელს კი "გემი“, რომელშიც 148 500 ლარი გადაიხადა. 2013 წელს კი ოლეგ ტიმჩენკოს ტილო "პრინცესა" 165 000 ლარად იყიდა. კიდევ ერთ ტიმჩენკოს ტილოში იმავე წელს 49 500 ლარი გადაიხადა.

ელენე ახვლედიანის პეიზაჟი, "ზამთარი" 2014 წელს დეპუტატმა 66 000 ლარად შეიძინა. ამავე მხატვრის "ბელინსკის ქუჩა" 66 000 ლარად. ბეჟან წაქაძის ფერწერული ტილოების კოლექცია მდიდარია გია ბუღაძის "პეიზაჟით“, რომელიც 2019 წელს 33 000 ლარად შეიძინა და სტალინის შვილიშვილის იოსებ ჯუღაშვილის ნახატით "თაიგული“, რომელშიც 2016 წელს 66 000 ლარი გადაიხადა.

2010 წელს დეპუტატმა "შოპარდის" საათი 49 500 ლარად იყიდა, 2016 წელს კი ცეცხლსასროლი იარაღი მოოქრული "პარაბელუმი" 82 500 ლარად. პოლიტიკოსი კიდევ ერთ ცეცხლსასროლ იარაღს "მაუზერს" ფლობს, ხის ჩასადებით (კაბურით), რომელიც 2017 წელს 37 950 ლარად შეიძინა.

ბეჟან წაქაძე MERSEDES-BENZ (SP509SP)-ის მსუბუქი ავტომანქანით დადის, რომელიც 2020 წელს 660 000 ლარად შეიძინა. ნონა ბურკაძე კი 2004 წელს გამოშვებული LEXUS GX 470-ით, რომელშიც სულ რაღაც 15 ათასი ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს ბეჟან წაქაძეს ანაბარზე მოკრძალებული თანხა 1927 ლარი ერიცხებოდა, მიმდინარე ანგარიშზე 38,44 ლარი, დანაზოგის სახით კი სულ რაღაც 45 700 ლარი.

დეპუტატი რამდენიმე შპს-ს მეწილეა, თუმცა დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ შპს ჯდჯ პლაზა საქართველოდან აქვს შემოსავალი, 147 840 ლარის სახით.

მაჟორიტარი დეპუტატის სარგო კი 2023 წელს 45 379,21 ლარი მიიღო.

2023 კალენდარულ წელს, წაქაძემ კომუნალური ხარჯი 18 745 ლარი გაიღო, პირადი ხარჯი კი 74 565,65 ლარი. ქველმოქმედებაში დეპუტატმა 85 000 ლარი დახარჯა. მივლინების ხარჯი კი 1271,48 ლარი აქვს დახარჯული.

  • დეპუტატი უმცროსი სტალინის ფერწერული ტილოთი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი პირად კოლექციაში უმცროსი სტალინის ნახატს ინახავდა, წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"იოსებ სტალინის შვილიშვილი ამერიკაში მხატვარია. ისიც ჯუღაშვილია, ოღონდ რასაც ხატავს, ყველაფერს იოსებ სტალინს აწერს. იმის ნახატია და არა დიდი სტალინის - ის როდის იყო მხატვარი?! ჩემს ნახატზეც ასეთივე ხელმოწერაა. როდესაც სახლი ავაშენე - მე თვითონ მშენებელი ვარ, ბიზნესმენი ვარ 20 წელია - ბევრი ტილო ვიყიდე. ძალიან ლამაზი თაიგულია. მოუხდა იმ ადგილს და აქ მიკიდია, ინგოროყვაზე. გაარკვიეთ ხალხი. ჯერ ერთი, გინდ სტალინს ვიყიდი და გინდ ბრეჟნევს, რა მნიშვნელობა აქვს?! სტალინის სურათი კი არ მიკიდია სახლში, თაიგულია, რომელიც ძალიან დიდ ფორმატზეა დახატული...

უმცროსი სტალინი საკუთარ ნახატებთან ერთად
  • ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ბეჟან წაქაძე, მისი შვილი ბიძინა წაქაძე და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მთლიანობაში მათ "ქართულ ოცნებას" 320,000 ₾ შესწირეს. წაქაძეს მაჟორიტარი დეპუტატებიდან მხოლოდ სამი კოლეგა უსწრებდა, გოჩა ენუქიძე - 1,254,000 ლარი, ზაალ დუგლაძე - 990,000 ლარი და ირაკლი ხახუბია - 340 000 ლარი.

დეპუტატის შვილმა ბიძინა წაქაძემ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 30 ათასი ლარი, 2016 წელს კი "ქართულ ოცნებას" 60 ათასი ლარი შესწირა.

დეპუტატის ოჯახი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის. ინტერნეტში ვერ ნახავთ წაქაძის მეუღლისა და შვილის ფოტოებს.