ავტორი:

საფრანგეთი ახალ კალედონიაში, სადაც არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, საგანგებო მდგომარეობას აწესებს

საფრანგეთი ახალ კალედონიაში, სადაც არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, საგანგებო მდგომარეობას აწესებს

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ახალ კალედონიაში, სულ მცირე 12 დღით, საგანგებო მდგომარეობას დააწესებს.

საფრანგეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რომელიც ხმის მიცემის წესებში ცვლილებების განხორციელებას მოჰყვა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის პრესსპიკერის, პრისკა თევენოს თქმით, საგანგებო მდგომარეობის დაწესება მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას.

საფრანგეთის უმაღლესი კომისიის ცნობით, არეულობის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300-ზე მეტი დაშავდა.

საგანგებო მდგომარეობის დაწესებით, ხელისუფლებას მეტი უფლებამოსილება ექნება სიტუაციის მოსაგვარებლად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის შინა პატირობით მისჯის შესაძლებლობით, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნიან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ პორტებისა და საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად ჯარები განალაგეს.

ცნობისთვის, სამშაბათს, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 351 ხმით 153-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესს გადადებს და ტერიტორიის მოსახლეობის წარმომადგენლებს პარიზში მიიწვევს, მოლაპარაკების გზით შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმება ივნისამდე უნდა მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცვლილებებს ხელს მოაწერს.