ავტორი:

ქალი, რომელმაც 86 წლის ასაკში პარაპლანით იფრინა, პარაშუტით გადმოხტომას გეგმავს - ძმებ სულაკაურების დედა: "ასეთი სურვილები სულ მქონდა, ამიტომ ახლა სიბერეში ვისრულებ"

ქალი, რომელმაც 86 წლის ასაკში პარაპლანით იფრინა, პარაშუტით გადმოხტომას გეგმავს - ძმებ სულაკაურების დედა: "ასეთი სურვილები სულ მქონდა, ამიტომ ახლა სიბერეში ვისრულებ"

"ორ თვეში 89 წლის გავხდები“ - გვეუბნება იზო სულაკაური-ღონიაშვილი, ადამიანი, რომელმაც 86 წლის ასაკში პარაპლანით იფრინა და დიდი ხნის ოცნება აისრულა.

ქალბატონი იზო პროფესიით ფიზიკოსი, 4 შვილის დედა,19 შვილიშვილის, 8 შვილთაშვილის ბებიაა და მეცხრესაც მალე ელოდება. ის სულაკაურების დიდი და ცნობილი ოჯახის უფროსი ქალბატონია - ბაკურ, ზალიკო, ზურიკო და ლელა სულაკაურების დედა. ასაკის მიუხედავად, საოცარ მხნეობას, გამბედაობას, სიცოცხლის ხალისს ავლენს.

მას კიდევ აქვს ერთი სურვილი - 90 წლის ასაკში უნდა, რომ პარაშუტით გადმოხტეს.

  • Ambebi.ge იზო ღონიაშვილი-სულაკაურს ესაუბრა.

- რამდენიმე წლის წინ პარაპლანით იფრინეთ. საკმაოდ გაბედული, უშიშარი ქალბატონი ხართ. თუ ასეთი სურვილი გქონდათ, 86 წლამდე რატომ ვერ აისრულეთ?

- არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მქონია შესაძლებლობა. მანამდე პარაშუტითაც მინდოდა გადმოხტომა. კი, ასეთი სურვილები სულ მქონდა. ამიტომ ახლა სიბერეში ვისრულებ. 90-ის რომ გავხდები, ვფიქრობ, პარაშუტით გადმოვხტე...

- ამზადებთ უკვე ამისთვის ნიადაგს?

- არ სჭირდება ამას ნიადაგის მომზადება, ძალიან ყოჩაღად ვარ. იმისთვის, რომ მხნედ ვიყო, ყოველდღიურ ვარჯიშებს ვასრულებ.

- როგორია თქვენი ცხოვრების სტილი. დროს რას უთმობთ და საკუთარი ჯანმრთელობისთვის რას აკეთებთ?

- ფეხით ბევრს დავდივარ და დილაობით ვვარჯიშობ. ჩემი შვილები დიდები არიან, შვილიშვილები დაზრდილები. მყავს 4 შვილი,16 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი და მალე მეცხრეს ველოდები. ყველას დაბადების რიცხვი, თვე და წელი მახსოვს. თითოეული ყოჩაღი და კარგია. ძირითადად სულაკაურები და ხარანაულები არიან.

- როგორც ვიცი, წარმოშობით ყვარლიდან ხართ.

- კი, ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გვერდით ვცხოვრობდით, მაგრამ იმის გამო, რომ მამა სამხედრო პირი იყო, სხვადასხვა ადგილას უწევდა სამსახური. ამიტომ ისე მოხდა, რომ მე და ჩემი ძმა რუსეთში დავიბადეთ, - მამა იქ მსახურობდა. მერე საქართველოში დავბრუნდით და მე-8 კლასიდან ყვარლის სკოლაში გადმოვედით... უნივერსიტეტში სწავლა ფიზიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

შვილებთან და მეუღლესთან ერთად

- რატომ ფიზიკა?

- ჩემთვის სულ ერთი იყო, ქართულ ფილოლოგიაზე ჩავაბარებდი თუ ტექნიკურზე. იმის გამო, რომ ფიზიკის ფაკულტეტი ფაკულტეტებს შორის ყველაზე რთული იყო, იქ ამის გამო ჩავაბარე. წითელ დიპლომზე დავამთავრე. ასპირანტურაში რომ გავაგრძელე სწავლა, ჩემი ხელმძღვანელი აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი გახლდათ, მაგრამ დისერტაციის დაცვა ოჯახის, შვილების გამო ვეღარ შევძელი. უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის განხრით კვლევით ნაწილში 30 წელი ვიმუშავე. იქიდან კი უკვე პენსიაშიც გავედი და წამოვედი. პარალელურად, ფიზიკაში მოწაფეებს სულ ვამზადებდი ხოლმე, მაგრამ უფრო აქტიურად უკვე 90-იანებში (იმ წლებში ძალიან აირია ყველაფერი, ადამიანებმა ერთმანეთს მტრობა დაუწყეს).

ფიზიკა მოსწავლეების მომზადებაში გამომადგა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრულ ლიტერატურას სულ ვკითხულობდი, ზოგადად ფიზიკის ფაკულტეტმა დიდი განათლება მომცა… თუმცა მაშინ ბევრი ისეთი საგანიც ვისწავლე, რომელიც არც არაფერში გამომდგომია და იმ ცოდნით სულ ტყუილად დავიკავე ჩემი ტვინის უჯრედები... თავად დარგი კი საუკეთესო ავირჩიე.

- თქვენი შვილები საზოგადოებისთვის ცნობილები არიან - ბაკური, ტყუპი ძმა - ზალიკო და ზურიკო და ლელა სულაკაურები. მათი აღზრდისას რა იყო თქვენთვის მთავარი?

- ზალიკო და ზურიკო ჯერ კიდევ ერთი წლისები იყვნენ, შეეტყოთ, ხატვის უნარები რომ ჰქონდათ. ეს მკაფიოდ გამოავლინეს. ამიტომ ყველანაირ პირობას ვუქმნიდით, რომ ეს ნიჭი გამოევლინათ. სახატავი ფურცლები, ფანქრები არ დაჰკლებიათ, ამასთან, სახლში კედლებზეც ხატავდნენ. ვაკეში ოთხოთახიანი ბინა მათი ნამუშევრებით მთლიანად მოხატული გახლდათ. ის კედლები იმ მდგომარეობაში დიდხანს იყო - სანამ არ წამოიზარდნენ, არ დაქორწინდნენ და სხვაგან არ დაბინავდნენ...

მკაცრი არასდროს ვყოფილვარ, მათთან ურთიერთობაში ხმამაღალი საყვედურები არ მახასიათებდა, პატარაობისას ხელიც არ წამომიკრავს. მართლა არასოდეს ყოფილა ასეთი შემთხვევა... შაბათ-კვირას, როცა სამსახურიდან ვისვენებდი, ბაგებში საცურაო აუზთან ვცხოვრობდით, ამიტომ კუს ტბასა და მის მიმდებარედ სულ დამყავდა. დამყავდა არა მარტო 4 შვილი, მეზობლების ბავშვებიც. დავყვებოდი, ვანთებდით კოცონს, ტყეში რაღაცებს ვაგროვებდით, რაღაცებსაც ვასწავლიდი, ვსაუბრობდით.

- ფაქტი სახეზეა, რომ თითოეული სწორ გზაზე დააყენეთ, სწორი მიმართულებები მიეცით.

- შვილებით კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ საქმის პროფესიონალები არიან, ჩემ მიმართ პატივისცემით და ყურადღებით არიან. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. ოროთახიანი ბინა გვაქვს და ჩვენთვის ვართ...

მეუღლემ თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. საქართველოში ტელევიზია რომ ჩამოყალიბდა, პირველი თანამშრომელი იყო. მერე დამატებით მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტი "ვგიკი“ კინო-დრამატურგიის მიმართულებით დაამთავრა. "თუში მეცხვარის“ სცენარი მისია და მისმა კიდევ ბევრმა სცენარმა ჯილდო მიიღო საზღვარგარეთაც კი. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს სათანადოდ არ დაუფასებიათ. ჩვენ კი ერთად ასე აწყობილად დავიწყეთ ცხოვრება, წამოვედით და უკვე 60 წელზე მეტია ერთად ვართ.

- გული რამეზე ხომ არ გწყდებათ და თქვენი განვლილი გზიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს რას ურჩევდით?

- ახლა სულ სხვანაირი ცხოვრებაა. ჩვენ დროს ახალგაზრდები სხვანაირად ვცხოვრობდით. ალბათ დრო ბევრად განსხვავებული იყო. ახლა ახალგაზრდებიც და ადამიანები სხვანაირები არიან. გული იმაზე მწყდება, რომ სულ ტელეფონზე არიან დამოკიდებული. მაგრამ ამას იმით ვხსნი ხოლმე, რომ ინტერნეტშიც ხომ კითხულობენ. ის კი არა, მეც კი ვარ მაგ საქმით დაკავებული. როცა წიგნის კითხვას მოვრჩები, ინტერნეტით ვსარგებლობ. მისი საშუალებით ადამიანი ბევრ ინფორმაციას იგებს. სოციალურ სივრცეში ერთადერთი, რასაც ვერ ვეგუები, ისაა, რომ ადამიანები ერთმანეთს ლანძღავენ. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ვინც არ უნდა იყოს, მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მომხრე არ ვარ.

ფეისბუქ-მომხმარებელი ვარ, ჩემი გვერდიც მაქვს. ცხოვრებაში არავინ გამილანძღავს, მით უფრო, სოციალურ ქსელში. რაც შეეხება იმას, გული რაზე მწყდება და რა სურვილი ვერ ავისრულე, არა, ასეთი არაფერია... კმაყოფილი ვარ ჩემი შვილებით და ჩემი დიდი ოჯახით.

შვილთან, ზურიკო სულაკაურთან ერთად

- გამოვიდა, რომ სწორად იცხოვრეთ. შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შთამომავლებისთვის და გარშემომყოფებისთვის, ვინც გიცნობთ, მაგალითი ხართ. თქვენი ასაკის ხალხს რას ეტყოდით, განსაკუთრებით, მათ, ვინც აქტიურ ცხოვრებას არ ეწევა...

- ჩემი მეგობრებიდან არიან ადამიანები, ვინც 2 წელია, გარეთ აღარ გამოსულან, ამბობენ, რომ აღარ შეუძლიათ. ყველას ვეხვეწები, რომ გავიდნენ გარეთ, თუნდაც სახლში, ოთახში მაინც იარონ, იმოძრაონ, არ გაჩერდნენ... ქუჩაში რომ მივდივარ, ზოგჯერ იმას კი არ ვგრძნობ, რომ 89 წლის უნდა გავხდე. მგონია,18 წლის ვარ, შემიძლია ასკინკილით გავირბინო, მაგრამ თავს ვეუბნები, რომ დაფიქრდი, ვინმემ არ დაგინახოს-თქო. გული ყოველთვის ახალგაზრდაა, არ ბერდება. ვცხოვრობ თითქმის ისევე, როგორც საერთოდ ვცხოვრობდი.