"რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება", - ამის შესახებ განცხადება რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია.
ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლას დიდი დრო სჭირდება იმ ფონზე, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროებაა. შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.
Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა.
სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.